Site icon Civil.ge

საპარლამენტო უმრავლესობა აღარ არსებობს

“დილის გაზეთი”, “რეზონანსი”

გუშინ საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოოდ დაიშალა. “აწ უკვე ყოფილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, აფხაზეთში დაწყებული უკვე საომარ მოქმედებებში გადაზრდილი პროცესებიც კი არ აინტერესებთ, იმდენად არიან ჩაფლულნი ერთმანეთს შორის ურთიერთობების გარკვევაში”, ასე აღწერს “დილის გაზეთი” საქართველოს პარლამენტში არსებულ ვითარებას.

საპარლამენტო უმრავლესობისგან მხოლოდ 49 კაციანი ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” დარჩა. “ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტყეშელაშვილი ოთახ-ოთახ საწერკალამითა და ფურცლით დადის და დეპუტატებს ეკითხება “რჩები? მიდიხარ?”, წერს “რეზონანსი”. ფრაქციის თავმჯდომარედ ისევ რევაზ ადამია რჩება, თუმცა “რეზონანსის” დასკვნით, მიმდინარე პროცესების ფონზე დგება კომიტეტების თავმჯდომარეების შეცვლის საკითხი.

“მოქალაქეთა კავშრი” ფრაქციის წესდებას ამკაცრებს. ახალი წესდების თანამად, ახალი წევრების მიღების ან ფრაქციიდან ვინმეს გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება გამკაცრდება. “თუმცა ისიც საკითხვია, დარჩა თუ არა ერთ დროს მმართველ პარტიად წოდებულ “მოქალაქეთა კავშირს” ვინმე გასარიცხი და, მით უმეტეს, მისაღები”, ირონიულად აღნიშნავს “დილი გაზეთი”.

“რეზონანსი” ყურადღებას ამახვილებს ახალ კოალიციაზე, რომელიც პარლამენტში ფორმდება. გაზეთის ვარაუდით, ორი ახალი ფრაქციის გაერთიანება საფუძველს დაუდებს ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამ ფრაქციათაგანია “თანადგომა”, რომლის თავმჯდომარეა ყოფილი უმრავლესობის წევრი ელგუჯა მეძმარიაშვილი. ფრაქცია 15 წევრს ითვლის. მეორე ფრაქცია, რომელიც “თანადგომასთან” ერთად კოალიციაში შევა არის 18 კაციანი “ალიანსი ერთიანი საქართველოსთვის”. მისი ლიდერია ირაკლი გოგავა. Aამ ფრაქციის უკან ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე მოიაზრება, წერს გაზეთი.  

 

This post is also available in: English (ინგლისური)