Site icon Civil.ge

დეპუტატები კოდორიდან ქართული ჯარის გაყვანას ეწინააღმდეგებიან

(თბილისი, 18 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ფრაქციებმა “XXI საუკუნემ” და “აფხაზეთმა” პარლამენტში უკმაყოფილება გამოთქვეს პროტოკოლის გამო, რომელსაც 17 დეკემბერს საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკბაძემ და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.

პროტოკოლი ითვალისწინებს კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილის გაყვანას აფხაზეთის მხარის მიერ კოდორის ხეობის ქვემო ნაწილიდან და ტყვარჩელის რაიონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის სანაცვლოდ. პროტოკოლის თანახმად, განახლდება გაეოროს დამკვირვებლების მიერ კოდორის ხეობის ზედა ნაწილის მონიტორინგი, რაც 18 თვის განმავლობაში არ ჩატარებულა.

დეპუტატები კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გაყვანას ეწინააღმდეგებიან. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოდორის ხეობიდან ქართული ჯარის გამოყვანა გამოიწვევს აფხაზების მიერ კოდორის ხეობის დაკავებას.

This post is also available in: English (ინგლისური)