Site icon Civil.ge

სახელმწიფო მინისტრი და გაეროს წარმომადგენელი სოხუმში მოლაპარაკებებს მართავენ

(თბილისი, 11 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და გაეროს საგანგებო წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი დღეს სოხუმში ჩავიდნენ.

სოხუმში დაგეგმილია მათი შეხვედრა თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან ანრი ჯერგენიასთან.

აფხაზეთის მხარე უარს ამბობს დაემორჩილოს 31 იანვრის გაეროს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს სოხუმს დაიწყოს მოლაპარაკებები აფხაზეთის სტატუსის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში განსაზღვრის თაობაზე.

ავთანდილ ჯორბენაძე 12 თებერვალს, სოხუმის ვიზიტის შემდეგ აპირებს შეხვდეს ენგურის ხიდთან მდგომ მოპიკეტეებს, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, ისინი მხოლოდ სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დაიშლებიან.

This post is also available in: English (ინგლისური)