(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა და დსთ-ს საკითხების კომიტეტები 5 მარტს ერთობლივ სხდომას მართავენ. სხდომა საქართველოში არსებულ ვითარებასა და თბილისისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარებას განიხილავს.
სხდომას ესწრებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი, ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ორი კომიტეტის ერთობლივი სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
შეხვედრისას რუსეთის ხელისუფალნი აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის საქართველოში ყოფნის თაობაზე განცხადების პროექტს განიხილავენ.
რუსეთის ფედერაციის დეპუტატები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის შესაძლო ცნობის განხილვას აპირებდნენ, თუმცა სათათბიროს სპიკერმა გენადი სელეზნიოვმა 4 მარტს განაცხადა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.
This post is also available in: English (ინგლისური)