Site icon Civil.ge

აფხაზებს საქართველოსთან მოლაპარაკებების გაგრძელება არ სურთ

(თბილისი, 28 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებას უარობს და თბილსს აფხაზეთში მომხდარი სერიული აფეთქებების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

ქართულმა მხარემ აფხაზებს მოლაპარაკებების 29 მარტს გამართვა შესთავაზა.

არსებული ინფორმაციით, ოჩამჩირის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სულ ცოტა ოთხ აფეთქებას სავარაუდოდ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რამდენიმე კი დაიჭრა.

თვითაღიარებული აფხაზეთი აფეთქებებში საქართველოს სპეცსამსახურებსა და ქართველ მებრძოლებს ადანაშაულებს.

ოფიციალური თბილისი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტერორისტული აქტი იმ ფართო მასშტაბიანი პროვოკაციის ნაწილი იყოს, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას გულისხმობს.

26 მარტს, აფეთქებებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ იგეგმება პროვოკაცია, რომელიც კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობოებზე თავდასხმებსა და სეპარატისტულ აფხაზეთში ვითარების დაძაბვას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური)