Site icon Civil.ge

აკაკი ასათიანი ტოტალურ გაყალბებას წინასწარმეტყველებს

(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არის ის, რომ ზოგიერთ ქალაქში გამოკვეთილად დიდი შანსი გაგვაჩნია და გამარჯვების იმედი გვაქვს. ეს ქალაქებია თელავი, ზესტაფონი, ვანი და ხონი”,- განაცხადა 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრადიციონალისტთა პარტიის ლიდერმა აკაკი ასათიანმა.

მისი თქმით, წინასწარი პროგნოზი ყველასთვის ცნობილია – მოხდება ტოტალური გაყალბება, იმაზე მეტი, ვიდრე ეს “მოქალაქეთა კავშირის” დროს ხდებოდა. ასათიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს იქნება ასევე ყველაზე კურიოზული და არასერიოზული არჩევნები, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ არჩევნებს არ ანიჭებს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი უსისხლოდ ჩაივლის.

2 ივნისის არჩევნები, ტრადიციონალისტთა ლიდერის თქმით, სარეიტინგო არჩევნებია პრეზიდენტ შევარდნაძისთვის, რომელიც, ალბათ, ამ არჩევნების შედეგების შესაბამისად გადაწყვეტს, რომელი პოლიტიკური ძალის გვერდით დადგეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)