(თბილისი, 19 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – პარტიზანული დაჯგუფება “ტყის საძმოს” მეთაურმა დავიტ შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ ის იარაღი, რომელიც სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ნატახტრის საგუშაგოსთან ცხინვალიდან მომავალ მანQანაში აღმოაჩინეს, ქართველი პარტიზანებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებიც აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებისთვის იბრძვიან.
შენგელიას თქმით, უშიშროების ის თანამშრომელი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა და ამ იარაღს აცილებდა, მისი მეგობარია.
სამართალდამცავმა ორგანოებმა 18 ივნისს დააკავეს “ლანდ კრუიზერის” მარკის ავტომანქანა, რომელსაც სამი ტანკსაცინააღმდეგო ყუმბართმტყორცნი, 9 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და სხვა იარაღი გადაჰქონდა.
შენგელიას თქმით, პარტიზანებმა ეს იარაღი ცხინვალის რეგიონში 7 ათას დოლარად შეიძინეს. უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით კი, ამ იარაღის ღირებულება 300 ათას დოლარს აღწევს. მანქანაში მყოფი უშიშროების თანამშრომელი და კიდევ ერთი პიროვნება, რომლის ვინაობაც ზუსტდება, დაკავებულნი არიან.
გუშინ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს იარაღი შეიძლება პანკისის ხეობაში გასაგზავნად ყოფილიყო განკუთვნილი. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, დღეს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ არ გამორიცხა, რომ იარაღი შეიძლება ტერორისტული აქტის მოსაწყობადაც ყოფილიყო განკუთვნიული, თუმცა მინისტრმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)