(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დადგენილების ორი პროექტი რომელშიც საუბარი იყო სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პასუხისმგებლობის საკითხზე 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო, პარლამენტმა არ დაამტკიცა.
დღეს გამართულ რიგგარეშე პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია “დემოკრატებისა” და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილება ჩავარდა.
ავთანდილ ჯორბენაძე მოხსენებით წარსდგა დეპუტატების წინაშე, 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ბოუჯეტში გარღვევამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.
სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა სახელმწიფო მინისტრი და განაცხადა, რომ ხალხს მთავრობისადმი ნდობა დაკარგული აქვს.
პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციის “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას არ აწყობს ძლიერი სახელმწიფო მინისტრის ყოლა და ისინი ჯორბენაძის მოშორებას ცდილობენ.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მას იმედი ჰქონდა, რომ ბიუჯეტის შესრულების განხილვა გაცილებით უფრო კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაივლიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)