Site icon Civil.ge

კონფერენცია თემაზე “გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ”

(თბილისი, 9 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 9 ივლისს პროექტის “გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ” ფარგლებში გაეროს ასოციაცია მართავს კონფერენციას თემაზე: “საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში;  გაეროს ანტიტერორისტულ კონვენციებთან საქართველოს მიერთების საკითხი”.

ღონისძიებას გახსნიან: აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე,; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი, და პროექტის დირექტორი ჯაბა დევდარიანი.

კონფერენცია მოწოდებულია შეკრიბოს ტერორიზმის წინააღმდეგ მომუშავე სამთავრობო სტრუქტურები – როგორც აღმასრულებელი ისე საკანონმდებლო, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოების წარმომადგენლები, რათა დაფიქსირდეს ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო ამჟამად უწევს ანტიტერორისტულ კოალიციას და ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებმაც ამ საქმეს შეიძლება ხელი შეუწყოს.

ტერორიზმის წინააღმდეგ არსებული 12 კონვენციიდან ნაწილს საქართველო უკვე მიერთებულია. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დარჩენილ კონვენციებთან მიერთებასაც. ამ მიზნით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განახორციელა თარგმანების საექსპერტო შეფასება და რედაქტირება.

გაეროს ასოციაციამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტთან თანამშრომლობით 2002 წლის 18 ივნისს გამართა ღია მოსმენა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა და დეპუტატებმა მოიწონეს განხორციელებული საქმიანობა და აღნიშნეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დადგენილი წესით კონვენციების სარატიფიკაციოდ შეტანის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)