(თბილისი, 14 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციამ 11 ივლისს საქართველოში მოქმედი ადამიანის გამტაცებელთა განსაკუთრებით საშიში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. ამასთან დაკავშირებით შს სამინისტროში დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის იმფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ 9 ივლისს ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის მუხრან ბაგრატიონის შვილის გატაცებაში. 6 დაკავებული პირიდან ერთ-ერთი ოსი ეროვნების ალან ძიგოევია, როემლიც ადრე სამხრეთ ოსეთის უშიშროების სპეც-სამსახურის უფროსი იყო.
“ოპერატიულმა ჯგუფმა ოპერაცია წარმატებით, უმსხვერპლოდ დაასრულა. აქედან გამომდინარე ყველას ვინც კრიმინალური ელემენტის მსხვერპლი გახდება, მოვუწოდებ ითანამშრომლოს პოლიციასთან. ჩვენ შეგვწევს ძალა შესაბამისი ოპერაციები წარმატებით დავასრულოთ”, – განაცხადა დღეს კობა ნარჩემაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, დამნაშავეთა დაკავება ერთდროულად მოხდა ზუგდიდში, თბილისსა და შიდა ქართლში. დაკავების დროს ამოღებული იქნა ბაგრატიონის ოჯახის მიერ შვილის გამოსასყიდის სახით გადახდილი თანხა 24 604 დოლარი. კობა ნარჩემნაშვილისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, სულ რა რაოდენობის თანხა გადაიხადა მუხრან ბაგრატიონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)