(თბილისი, 15 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების სამინისტრომ სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას მიერ გადაცემული დოკუმენტები პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძესა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ურთიერთობების შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.
ვებ-გვერდზე სულ ორი დოკუმენტია განთავსებული – ერთი ქართულ ენაზე, მეორე რუსულად. ეს არის წერილები, რომელთა ავტორები და ადრესატები უცნობია. წერილის ქართულ ვერსიას თან ახლავს უცნობი პირის კომენტარები.
წერილის ავტორები რეკომენდაციებს აძლებენ ნინო ბურჯანაძეს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.
ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით, ნინო ბურჯანაძე რუსეთის “პი-არ” ჯგუფებთან თანამშრომლობს და რუსეთის სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი.
“ეს ე.წ. “დოკუმენტები” არაპროფესიონალურად არის შედგენილი. ეს ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ მიმართული შავი “პი-არ”-ის საკმაოდ სულელური მეთოდია”, – განაცხადა “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკის წევრმა გიორგი გაბაშვილმა.
უშიშროების მინისტრმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ სულ ცოტა ერთი კვირაა საჭირო დოკუმენტების წყაროსა და ავტორების დასადგენად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)