სააკაშვილი და პუტინი უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. |
მიხეილ სააკაშვილი 3 ივლისს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება და როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავს. ეს უკვე მეორე შეხვედრა იქნება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის. მოსკოვში 11 თებერვალს გამართულ პირველ შეხვედრაზე საკმაოდ გულთბილი ტონი შეინიშნებოდა.
“იმედი მაქვს ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში არსებობს, ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ახალ იმპულსს შეიძენს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2 ივლისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების დღის წესრიგში სამი ძირითადი საკითხი დგას: სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული დაძაბული სიტუაცია, საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები და ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად.
რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ურთიერთბრალდებებმა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში “არაკონსტრუქციული პოზიციის“ გამო მაღალი რანგის მოლაპარაკებების წინ არახელსაყრელი ფონი შექმნა.
საქართველომ უარი განაცხადა მოსკოვში 30 ივნისს დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში მონაწილეობაზე, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა საქართველოს უშიშროების სამინისტროს მათ მიერ დაკავებული სამი თანამშრომელი.
მოლაპარაკებები ერთობლივი შერეული კომისიის ფარგლებში [კომისია 1992 წელს, ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შეიქმნა] ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ რუსეთს მისი წარმომადგენლის, მიხეილ მაიოროვის შეცვლა მოსთხოვა.
1 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართული მხარე მშვიდობიანი მოლაპარაკებების შეფერხებაში დაადანაშაულა.
“მოსკოვი [ქართული მხარის] ამ პოზიციას არაკონსტრუქციულად მიიჩნევს. იგი ეწინააღმდეგება თბილისის ვალდებულებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგის გზით მოაგვაროს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, საქართველო რუსეთის უარს როკის გვირაბთან ერთობლივი საგუშაგოს გახსნის თაობაზე, რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების დაბრკოლებად მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ეს საგუშაგო ხელს შეუწყობს კონტრაბანდის აღკვეთას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე როკის გვირაბთან, რომელიც სამხრეთ ოსეთს მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთს უკავშირებს და ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ანტიკონტრაბანდული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. ამ ღონისეძიებებმა დე ფაქტო ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია. კონტრაბანდა კონფლიქტის ზონაში შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
თუმცა, როგორც ვარაუდობენ, თბილისის მცდელობა აღმოფხვრას კონტრაბანდა წარუმატებლობისთვისაა განწირული მანამ, სანამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას როკის გვირაბზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული.
ნატოს სამიტის დროს სტამბოლში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი იმავე სცენარს ხედავს სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს აჭარაში მოხდა, სადაც მშვიდობიანი გზით შეიცვალა ხელისუფლება. თუმცა 2 ივლისს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ორი რევოლუცია სრულიად საკმარისია საქართველოსთვის” და ხელისუფლება სამხრეთ ოსეთზე იურისდიქციის გავრცელებას არა რევოლუციური, არამედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზით აპირებს.
საქართველოს ხელმძღვანელობამ მადლობა მოუხადა რუსეთს “პოზიტიური და კონსტრუქციული როლისთვის“ აჭარაში განვითარებული მოვლენების დროს, თუმცა, პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, რუსეთის პოზიცია უფრო მწვავეა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.
საქართველოში რუსეთის ორი სამხედრო ბაზის არსებობა, პრობლემა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოუგვარებელი რჩება, კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს პრობლემებს უქმნის. სააკაშვილი მოსკოვში რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ნატოს სამიტზე მიღებული მხარდაჭერით ზურგგამაგრებული გაემგზავრა.
ნატოს სამიტის ერთობლივ კომუნიკეში ნათქვამია, რომ სანამ რუსეთი არ გაიყვანს ბაზებს მოლდოვასა და საქართველოდან, როგორც ეს 1999 წლის ეუთოს სამიტზე მიღებული ხელშეკრულებით განისაზღვრა, ნატოს ექნება შესაძლებლობა გაზარდოს თავისი კონტინგენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამ პოზიციას მოსკოვი მწვავე პროტესტით შეხვდა.
2 ივლისს მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს იგი ერთობლივი რუსულ-ქართული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს დააყენებს.
საქართველომ ცოტა ხნის წინ რუსეთს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ.
“ანტიტერორისტული ცენტრის მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა და საზღვრების და რეგიონის ტერორისტებისგან დაცვა იქნება. რუსეთის არსებობა საქართველოში ამ ფუნქციით აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვში 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთი და საქართველო ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, რომლის ხელმოწერაც რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების თებერვლის შეხვედრის დროს შემოდგომაზე დაიგეგმა.
ორივე მხარე აღიარებს, რომ არსებული წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია. თბილისი უარყოფს მოსკოვის მოთხოვნას ჩარჩო ხელშეკრულებაში შეიტანოს პუნქტი, რომელიც აუკრძალავს საქართველოს უცხოური სამხედრო ბაზა განათავსოს თავის ტერიტორიაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)