Site icon Civil.ge

ხაჯიმბა პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი ხდება







რაულ ხაჯიმბა (მარცხნივ) და ვლადიმერ პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ფოტო.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ–მინისტრ,  პრეზიდენტობის კანდიდატ რაულ ხაჯიმბას შორის 29 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოსკოვი 3 ოქტომბერს აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებში მხარს სწორედ ხაჯიმბას დაუჭერს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის შანსებს გახდეს აფხაზეთის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი.

შეხვედრა, სოჭში, სასტუმრო „დაგომისში“ შედგა და როგორც ჩანს საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ამ ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრისას პუტინმა და ხაჯიმბამ, აფხაზეთში მცხოვრები მეორე მსოფლიო “ომის ვეტერანთა სოციალური დახმარებისა და ვეტერანთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.“
 
პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ოფიციალური რუსეთისგან განმარტება მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, მსგავსი შეხვედრა არალეგიტიმური არჩევნების მხარდაჭერის ტოლფასია.

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა აღიარა აფხაზეთის არალეგიტიმური არჩევნები, იგი ერთადერთი იქნება იმ ცივილიზებულ ქვეყნებს შორის, რომელიც ამას გააკეთებს. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოსკოვის ოფიციალურ განცხადებას იმის თაობაზე, სცნობს თუ არა რუსეთი აფხაზეთის არჩევნებს“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 30 აგვისტოს.

ხაჯიმბას განცხადებით, რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ გაეროს წინაშე, აფხაზეთში ვითარების დარეგულირების თაობაზე. “ამასთანავე, ჩვენ რუსეთისგან ველოდებით შეფასებას საქართველოს მხრიდან ბოლო პერიოდში დაწყებულ აგრესიაზე“, განუცხადა 30 აგვისტოს “პოლიტიკური ახალი ამბების“ სააგენტოს რაულ ხაჯიმბამ.

3 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში, ხაჯიმბას ჩათვლით, სულ 8 პრეზიდენტობის კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

მათ შორის არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სერგეი შამბა, რომელმაც თანამდებობა, მაისში,  სოხუმში დაუდგენელი პირების მიერ სახალხო მოძრაობა “ამცახარას“ თავმჯდომარის, გარი აიბას მკვლელობის შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა.


დანარჩენი კანდიდატები არიან: ოპოზიციური მოძრაობების “ამცახარას“ და “ერთიანი აფხაზეთის“ წარმომადგენელი, ენერგეტიკული კომპანია “ჩერნომორენერგოს“ პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში; ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია; დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვალერი არშბა; აფხაზეთის სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბა ლაკობა, ბიზნესმენი ანატოლი ოტირბა და ყოფილი შსს მინისტრი, სახალხო მოძრაობა “აიტაირას“ წარმომადგენელი ანატოლი ანქვაბი.


ხაჯიმბას ფავორიტობა მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც აგვისტოს შუა რიცხვებში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ იგი მის სასურველ კანდიდატად დაასახელა.


“ბოლო რამოდენიმე წელია მე ვამზადებდი პიროვნებას, რომელიც შესძლებს აფხაზეთის აღორძინებას. რაულ ხაჯიმბა სწორედ ეს პიროვნებაა. მე მხარს მის კანდიდატურას დავუჭერ“, განაცხადა არძინბამ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ “აფხაზეთის რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა.


46 წლის რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად 2003 წლის მაისში დაინიშნა, მანამდე კი იყო უშიშროების სამსახურის უფროსი, მოგვიანებით კი თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჭირა. 80-90-იანი წლების მიჯნაზე და თვით აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში ტყვარჩელის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. 


ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ როგორც თბილისში (შარშან ნოემბერში), ასევე სოხუმში (ახალი პრეზიდენტის არჩევის შედეგად) ხელისუფლების ცვლა გარკვეულ პოზიტიურ მუხტს შეიტანს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. 


სახელმწიფო მინისტრის კონფლიქტების მოგვარების საკითხში გოგა ხაინდრავას თქმით, ქართული მხარისთვის 3 ოქტომბრის არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია, “რადგან განისაზღვრება, თუ ვისთან გვექნება ურთიერთობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში”.


“აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ეპოქა დასრულდა. აფხაზეთთან მიმართებაში გააქტიურება მხოლოდ იქ ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი. ამჟამად, ანუ არჩევნებამდე რაიმე აქტიურობას აზრი არ აქვს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გოგა ხაინდრავამ.


“ამასთან უნდა ითქვას, რომ ილუზია ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს, რადგან აფხაზეთში პროქართული პოლიტიკოსები არ არსებობენ“, დასძინა ხაინდრავამ.


აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პაატა დავითაიას განცხადებით, არჩევნებში ყველაზე დიდი შანსები ხაჯიმბას აქვს, თუმცა ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც მნიშვნელოვანი ფიგურაა. “მაგრამ ქართული მხარისთვის არც ერთი მათგანი მისაღები არ არის“, განუცხადა დავითაიამ “სივილ ჯორჯიას”.


“განსაკუთრებით კი რაულ ხაჯიმბა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონფლიქტის პერიოდში (1992-93 წლები) ქართველების გენოციდში, ჩვენ ამის მამხილებელი დოკუმენტები გაგვაჩნია.  სერგეი შამბა კი აქტიურად უწყობდა ხელს ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის გაღვივებას“, დასძინა დავითაიამ.


მიმდინარე წლის მაისში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ლიდერებს, რათა დაიწყონ თბილისთან მოლაპარაკებები ერთიან საქართველოში მათი სტატუსის შესახებ. თუმცა ამ მოწოდების საპასუხოდ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრმა ხაჯიმბამ განაცხადა, რომ “დამოუკიდებელი აფხაზეთის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება.“


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლასთან ერთად აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკური კურსის ცვლილება აშკარა გახდა.


აფხაზი სეპარატისტებისადმი რადიკალური დამოკიდებულებით ცნობილი თამაზ ნადარეიშვილი ამა წლის იანვარში იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს, ანუ დევნილი თავმჯდომარეობა. მის მაგივრად აირჩიეს თემურ მჟავია. ახალი ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის დევნილმა ხელისუფლებამ, რომელსაც ყოველთვის ფორმალური ხასიათი ქონდა, საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა.


უფრო მეტიც, პარლამენტი, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში საბოლოოდ გააუქმებს იმ დეპუტატების უფლებამოსილებას, რომლებიც უკვე 12 წელია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში აფხაზეთის მოსახლეობას უცვლელად წარმოადგენდნენ.


ამას გარდა, ამა წლის დასაწყისში ხელისუფლებამ დაშალა ყველა ის ქართული შეიარაღებული დაჯგუფება, რომლებიც სამეგრელოსა და აფხაზეთში მოქმედებდნენ და საკუთარ თავს პარტიზანებს უწოდებდნენ.


ანუ შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა ყველანაირად მოამზადა ნიადაგი აფხაზურ მხარესთან სერიოზული მოლაპარაკებების დასაწყებად, რადგან ყველა ზემოდ ჩამოთვლილ საკითხთან დაკავშირებით (დევნილი ხელისუფლების ფუნქციონირება, პარტიზანული რაზმების მოქმედებები), რაც მოლაპარაკებების ჩამშლელ ფაქტორად არაერთხელ ქცეულა, სოხუმი მუდმივად გამოხატავდა უკმაყოფილება.

This post is also available in: Русский (რუსული)