საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას ინფორმაციით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს ან ხვალ დაასახელებს.
“არცერთი ის კანდიდატურა არ განიხილება, რომელსაც პრესითა და ტელევიზიით ასახელებენ“, განაცხადა ალანა გაგლოევამ.
მისი თქმით, ამ დროისთვის პრეზიდენტი კონსულტაციებს მართავს მთავრობის წევრებთან, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდება.
7 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, 10 თებერვალს დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას დაასახელებდა.
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში უნდა დაასახელოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)