რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას მიზანშეწონილად, რაც ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, იუწყება 3 იანვარს “რია ნოვოსტი“.
“ამ ხელშეკრულებამ უნდა შეაჯამოს გარკვეული შედეგები, დააგვირგვინოს თანამედროვე ეტაპზე რუსულ–ქართული ურთიერთბების განვითარება და ორმხრივ ურთიერთობებში ახალი კონტურები გამოკვეთოს“, – აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, “თბილისში სხვადასხვა დონეზე აგრძელებენ ანტირუსული კამპანიის წარმოებას… ეს არ უწყობს ხელს მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობაში წინსვლას. ცხადია, რომ სანამ ამ დოკუმენტის ხელმოწერის ვადებზე დაიწყება საუბარი, მანამ აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობების ატმოსფეროს ნორმალიზება“, – განაცხდა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები 2001 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს ხელშეკრულების ტექსტის ძირითადი ნაწილი შეთანხმებული აქვთ, თუმცა დარჩენილია სამი პრინციპული საკითხი, რომელზეც კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.
ესენია: რუსული მხარის მოთხოვნა ხელშეკრულებაში აისახოს საქართველოს ვალდებულება, რომ არ განალაგებს მესამე ქვეყნის ან ბლოკის შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე, რასაც თბილისი სუვერენიტეტის ცალმხრივად შეზღუდვის გამო ეწინააღმდეგება; მეორე საკითხი ეხება რუსეთის ვალდებულებას მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, რაც, თბილისის აზრით, შიდა პრობლემაა და მესამე საკითხი ჩარჩო ხელშეკრულების სათაურში სიტყვა “სტრატეგიულის“ შეტანას უკავშირდება, რასაც რუსული მხარე მოითხოვს.
გრიგორ კარასინმა “რია ნოვოსტისთან“ საუბარში ხაზი გაუსვა, რომ ჩარჩო ხელშეკრულება არანაირად არ უკავშირდება რუსული ბაზების საქართველოდან 2005–2008 წლების განმავლობაში გაყვანის შესახებ თბილისთან მიღწეულ შეთანხმებას.
მისი ინფორმაციით, ბაზებთან დაკავშირებით შეთანხმების იურიდიულად გაფორმების მიზნით ვადებზე, დროებითი ფუნქციონირების წესსა და ბაზებისა და სხვა რუსული ობიექტების გაყვანის შესახებ ხელშეკრულების ტექსტი გასული წლის ივნისში შეათანხმეს მხარეებმა.
“ქართულმა მხარემ უკვე გვაცნობა, რომ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურები დაასრულა და მზად არის აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოსაწერად. რუსეთში კი დოკუმენტი ისევ გადის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს“, – განაცხადა კარასინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)