Site icon Civil.ge

ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს სარკინიგზო პროექტის დაწყება 2007 წელს იგეგმება

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა სავარაუდოდ 2007 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება და 2,5  წელში დასრულდება.


დღეს თბილისში გამართული ქართულ–აზერბაიჯანული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანული მხარე თანახმაა საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 220 მლნ აშშ დოლარის კრედიტი გამოყოს.


წინასწარი მონაცემებით, კრედიტი დაახლოებით 25 წლიანი იქნება. ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით,  ქართული მხარე მოითხოვს, რომ კრედიტი რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ შემოსული სახსრებით დაიფაროს.


“ამაზე [კრედიტის დაფარვაზე] მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა
მნიშვნელოვანია, რომ საუბარია გრძელვადიან კრედიტზე, არაუმცირეს 25 წლისა… მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტმა თავად გაისტუმროს გამოყოფილი კრედიტის თანხა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ირაკლი ეზუგბაიამ.


საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის 221 კმ–იანი მონაკვეთი საჭიროებს მშენებლობა–რეაბილიტაციას, აქედან 29 კმ–ზე ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი რკინიგზა უნდა დაიგოს, ხოლო 192 კმ–იან მონაკვეთი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. 


ირაკლი ეზუგბაიას თქმით, სავარაუდოდ თებერვალში დასრულდება პროექტირება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მშენებლობისთვის საჭირო თანხები.


მისი თქმით, რკინიგზის მიმართ დაინტერესება გამოხატეს ყაზახეთმა და ჩინეთმა, რომელთა ტვირთების გადაზიდვა იქნება ამ მარშრუტით შესაძლებელი, რომლის გამტარუნარიანობა წლიურად 15 მლნ ტონას შეადგენს.


ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ ყარსი–ახალქალაქი–ბაქოს რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა არ შეაფერხებს ბათუმის და ფოთის პორტების ფუნქციონირებას.


“მაშინ როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ჩრდილოეთიდან [რუსეთის] ეკონომიკურ ბლოკადის პირობებში, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დამატებითი სატრანზიტო კორიდორების გაჩენა… ამავე დროს ჩვენ [ხელისუფლება] უზრუნველვყოფთ, რომ ამ პროექტმა არ შეუქმნას საფრთხე ფოთის და ბათუმის პორტებს და არ შეუმციროს რაიმე დატვირთვა“, – განაცხადა გიორგი არველაძემ.


მოლაპარაკებები ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სავარაუდოდ, დღეს შეთანხმებულ საკითხებზე დოკუმენტის ხელმოწერით დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)