Site icon Civil.ge

რუსეთი უარყოფს აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების დაკავების ფაქტს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რამდენიმე რუსი სამშვიდობოს დაპატიმრების თაობაზე და აცხადებს, რომ ეს ქართული მედიის მორიგი მცდელობაა ”მოახდინოს რუს სამშვიდობოთა დისკრედიტაცია”.


16 ოქტომბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა,  ”მზემ” და  ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელეს ინფორმაცია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილის, 302-ე საგუშაგოს ხელმძღვანელისა და მთავარი ექიმის ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავების თაობაზე. ”რუსთავი 2”-მა დააკონკრეტა, რომ სამშვიდობოები რუსეთის სამხედრო პროკურატურამ დააკავა.


”ქართული მედიის ვერსიით, ”დაკავებული” დსთ-ს კოლექტიური ძალების ოფიცრები სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან და სრული დატვირთვით ასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს,”- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში, ”რაც შეეხება მოხსენიებულ ”სამშვიდობოთა მთავარ ექიმს”, მსგავსი თანამდებობა საერთოდ არ არსებობს”. 


იმადროულად, რუს სამშვიდობოთა დაკავების ფაქტზე შეფასებები უკვე გააკეთეს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა.


”ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც რუსი სამშვიდობოები შემჩნეულები არიან კანონსაწინააღმდეგო და არასამართლებრივ მოქმედებებში,” – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ”თუმცა კონკრეტულ ბრალეულობას დაადგენს რუსეთის სამხედრო პროკურატურა”.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსი სამშვიდობოების მხრიდან უკანონო ქმედებებს ”სისტემატიური” ხასიათი აქვს.


”ჩვენი ბრალდებები, რომელსაც ვუყენებდით რუს სამშვიდობოთა ოპერაციაში მონაწილე მოსამსახურეებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა,”- განაცხადა ქუთელიამ, ”ბუნებრივია ჩვენ საქმე გვაქვს დისციპლინისა და მორალის აბსოლუტურ უქონლობასთან რუს სამშვიდობოებში, რაც არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევებით”. 


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განცხადებით, ეს კონკრეტული ფაქტი ადასტურებს, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ”იარაღით, ნარკოტიკებით სავაჭროდ და ზოგადად, სეპარატიზმის მხარდასაჭერად”.


”ეს არის კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი იმისათვის, რომ მათი მანდატი მართლაც გაფართოვდეს ან რამენაირად შეიცვალოს, ”- აცხადებს რურუა.


ქართული მხარე აფხაზეთში მოქმედი რუსული სამშვიდობო  ფორმატის ინტერნაციონალიზაციის საკითხს ბოლო რამდენიმე წელია საერთაშორისო დონეზე აყენებს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)