Site icon Civil.ge

ოპოზიცია პრეზიდენტის ახალ ინიციატივებს გამოეხმაურა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ეძებს, როცა საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე შემცირების, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეზღუდვისა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ოთხიდან ხუთ წლამდე გაზრდის ინიციატივებით გამოდის.

16 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციასთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვა სურს, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია საქართველოში ”დესტრუქციულია”.  


ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვა და საარჩევნო კანონმდებლობაში ორი პრინციპული ცვლილება: საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის და არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, რომელიც ”მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპს ეფუძნება. ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევასაც ითხოვდა, თუმცა ბოლო დროს ამ საკითხმა მათთვის აქტუალობა დაკარგა.


”საქართველოს პრეზიდენტი ისევ კონსტიტუციით მანიპულირებას გვთავაზობს,”- განაცხადა რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, ”5%-მდე ბარიერის დაწევას საკუთარი თავის გადასარჩენად განახორციელებს ნაციონალური მოძრაობა, რადგან დღეს ბარიერის პრობლემა ამ პარტიას უდგას საქართველოში”.  


”რაც შეხება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის 5 წლამდე გაზრდის ინიციატივას, პრეზიდენტს არ დაუკონკრტებია, რომელ პარლამენტს გულისხმობს – მოქმედს, თუ შემდგომს,”- აცხადებს ხიდაშელი და აქვე დასძენს, რომ რესპუბლიკური პარტია მზადაა ხელისუფლებასთან დიალოგის შანსი გამოიყენოს.


”ძალიან კარგია, რომ პროცესი დაიძრა,”- აცხადებს დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავა, ”პრეზიდენტს გაახსენდა, რომ საარჩევნო ბარიერიც მაღალია, ფასებიც მაღალია და ეკლესიებს აშენება სჭირდება და არა დანგრევა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2 ნოემბერს, როდესაც სრულიად საქართველოს შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, მას კიდევ რაღაცეები გაახსენდება”.


2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ გრანდიოზულ საპროტესტო აქციას გეგმავს. ოპოზიციის განცხადებით, მასობრივი აქციები ხელისუფლებას აშინებს.

”პრეზიდენტი გზებს ეძებს და გამოსავალს, მაგრამ სამწუხაროდ მოძებნა გამოსავალი ხალხის და ოპოზიციის მოსყიდვაში – ხალხს 50-50 ლარს სთავაზობს, ხოლო ოპოზიციას 5%-იან ბარიერს,”- აცხადებს სახალხო პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი, ”არც ქართველი ერი და არც ქართველი ოპოზიციონერები არ იყიდებიან”.


ზურაბ ტყემალაძე, მრეწველთა საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, მზადყოფნას გამოთქვამს  ხელისუფლებასთან დიალოგზე. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება კომპრომისზე უნდა წამოვიდეს საარჩევნო კანონმდებლობაში პრინციპულ ცვლილებებთან დაკავშირებით.


ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, დიალოგი წინასწარვე განწირულია, თუ ხელისუფლება უკომპომისო პოზიციას დაიკავებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)