მარცხიდან მარჯვნივ: შსკ-ს სამხრეთ ოსური, ქართული, რუსული მხარის თანათავმჯდომარეები ბორის ჩოჩიევი, დიმიტრი მანჯავიძე და იური პოპოვი და ეუთოს მისიის ახალი ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა. ფოტო: ეუთო/დავით ხიზანიშვილი. |
სხდომის დაწყებამდე რუსული მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა მოკლე კომენტარი გააკეთა პრესისთვის. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად რაიმე კონკრეტული შედეგების მიღება მოსალოდნელი არ არის.
”დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ამ დოკუმენტზე [ოქმზე], რომელიც ასახავს მხარეთა პოზიციებს ჩვენს მომავალ ერთობლივ მუშაობასთან და მოლაპარაკებების მომავალ პროცესთან დაკავშირებით,” – განაცხადა პოპოვმა, ”მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ რაიმე კონკრეტული შედეგები მომდევნო შეხვედრებზე”.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა, რომელიც 23 ოქტომბერს დაიწყო, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეუთოს მისიის ოფისში იმართება.
ქართული მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში დიმიტრი მანჯავიძემ 23 ოქტომბერს თბილისში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ახლოს არიან იმ შეთანხმებამდე, რომ სამხრეთ ოსეთის უკიდურეს ჩრდილოეთით სადამკვირვებლო პოსტი განათავსონ, რასაც თბილისი მოითხოვს.
”რუსულმა და ჩრდილოეთ ოსურმა მხარეებმა და ეუთომ გაიზიარეს ჩვენი პოზიცია შერეული სამშვიდობო ძალების სადამკვირვებლო პოსტის დიდ გუფთაში განთავსების თაობაზე,” – განუცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ დიმიტრი მანჯავიძემ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ, რომელიც შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
მანჯავიძემ ასევე განაცხადა, რომ ”რთული გახდა” სამხრეთ ოსური მხარის დარწმუნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
სოფელი დიდი გუფთა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთით მდებარეობს – ეს ტერიტორია ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსშია განთავსებული. თბილისი იმედოვნებს, რომ დიდი გუფთას სადამკვირვებლო პოსტი კონფლიქტის ზონაში იარაღის შემოტანას აღკვეთს.
რუსეთის მხარის წარმომადგენელმა შსკ-ში იური პოპოვმა უფრო ფრთხილი კომენტარები გააკეთა, განაცხადა რა, რომ ”კონკრეტული შეთანხმება” მიღწეული არ არის.
იმავდროულად, სამხრეთ ოსეთი მოითხოვს იმ შეთანხმების მომზადებაზე მუშაობის დაწყებას, რომელიც ძალის გამოუყენებლობას ითვალისწინებს და რომელსაც, ცხინვალი იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი და პრეზიდენტ სააკაშვილი მოაწერენ ხელს.
თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ამგვარ შეთანხმებას აზრი არ აქვს, სანამ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია არ მოხდება. თბილისის განცხადებით, დიდ გუფთაში სადამკვირვებლო პოსტის გახსნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია დემილიტარიზაციის მცდელობებისკენ, რასაც უნდა მოყვეს როკის გვირაბზე კონტროლის დამყარება.
მხარეებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი არის სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ფიგურა. მაშინ როცა თბილისი ცდილობს, რომ სანაკოევი კონფლიქტის მხარედ წარმოაჩინოს, რომელიც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ერთ ნაწილს წარმოადგენს, ცხინვალი მას თბილისის ”მარიონეტს” უწოდებს.
”სანაკოევი საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს და ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა ჩაერთოს ის მოლაპარაკებებში,” – განუცხადა იური პოპოვმა ჟურნალისტებს, ”იგი [სანაკოევი] ვერ იქნება კონფლიქტის მხარე”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)