საქართველოს ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა ურჩია ქართულ მედიას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობის მოხსნის პერსპექტივის ფონზე გამოიჩინოს ”ზომიერება” იმ ტიპის ინციდენტების გაშუქებისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 17 ივნისს ზუგდიდში ოთხი რუსი სამშვიდობოს დაკავებისას.
”მე მინდა ვთხოვო ქართულ ჟურნალისტიკას, ჩემს ყოფილ კოლეგებს გუშინწინდელი ზუგდიდის ინციდენტის ტიპის ინციდენტების გაშუქების დროს გამოიჩინონ ცოტა მეტი ზომიერება, რათა, ვფიქრობ, რომ ამ გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, როცა ადგილი შეიძლება კვლავ ექნეს ასეთი ტიპის მსგავს პროვოკაციებს და ინციდენტებს, თავიდან იყოს აცილებული მაღალი ტიპის გაღიზიანება როგორც საქართველოში, ისე რუსეთის საზოგადოების მხრიდან,”- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ხელმძღვანელობდა.
მას არ დაუკონკრეტებია ”გამაღი ზიანებელი” ფაქტორი, თუმცა, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რუსი სამშვიდობოების დაკავების დროს ქართველი სამართალდამცავების ქმედება და მათი გინება, რისი კადრებიც ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა, ”მზემ” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუმონტაჟებლად გადასცეს ეთერში.
რუსულმა ტელეკომპანიებმაც უჩვენეს ვიდეომასალა. ტელეკომპანია ”ვესტის” ცნობით, ვიდეომასალა ქართულმა გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა; მან ასევე მიანიშნა, რომ გადამღები ჯგუფი წინასწარ იყო ინფორმირებული რუს სამშვიდობოებზე დაგეგმილი ”თავდასხმის” შესახებ.
კიწმარიშვილმა ასევე მოუწოდა ქართულ მედიას, რომ თავი შეიკავოს ”მარგინალური ტიპის რუსი პოლიტიკოსების ტირაჟირებისაგან”, თუ მათი სპეციალური განცხადება არ არის გასაშუქებელი, რადგან ”ეს არაფერ სასარგებლოს არ უკეთებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს”. ქართული ტელეკომპანიები ბოლო პერიოდში ხშირად გადასცემენ მოსკოვის ბიუროების მიერ ჩაწერილ კომენტარებს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა პრობლემატურ თემაზე.
რუსეთში საქართველოს ელჩმა ამ განცხადებებით მიანიშნა, რომ მედიამ ხელი არ უნდა შეუშალოს თბილისსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების ”პერსპექტივას”.
”ბოლო პერიოდის განმავლობაში ინტენსივობა ურთიერთობებისა საკმაოდ მაღალია,”- აღნიშნა კიწმარიშვილმა, ”იყო [მედვედევის და სააკაშვილის] ორმხრივი შეხვედრა, იყო ორი სატელეფონო საუბარი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან ცდილობს გაააქტიუროს რუსული მიმართულება იმისათვის, რომ მივიღოთ გარკვეული შედეგები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დაძაბულობის მოხსნის თვალსაზრისით”.
მისი თქმით, 18 ივნისს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს მიხეილ სააკაშვილსა და დიმიტრი მედვედევს შორის გამართული სატელეფონო საუბარი დაძაბულობის შემსუბუქების ამოცანას ემსახურებოდა.
ორი პრეზიდენტის სატელეფონო საუბრისას განიხილებოდა ზუგდიდის ინციდენტი, რომლის დროსაც დიმიტრი მედვედევმა განუცხადა მიხეილ სააკაშვილს, რომ დაუშვებელია რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)