Site icon Civil.ge

რუსეთი ”ბუფერული ზონების” პირობებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა და ევროკავშირმა ცალკ-ცალკე ორივემ მოუწოდეს საერთაშორისო დამკვირვებლების საჭიროებაზე სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე.

განცხადებაში, რომელიც 1 სექტემბერს ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის სრულად ასრულებს ექვს-პუნქტიან გეგმას და წარმოადგინა საკუთარი ხედვა მე-5 პრინციპის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილზე ”საერთაშორისო მექანიზმების” ამოქმედებას ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა დაასრულა რეგულარული ჯარების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

”მთლიანი ჯარი, რომელი სამხრეთ ოსეთში ქართული აგრესიის უკუგდებისთვის გაიგზავნა, დაბრუნდა უკან რუსეთში იმათ გარდა, ვინ ამჟამად განთავსებულია სამხრეთ ოსეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად [სამხრეთ ოსეთის] ხელმძღვანელობის მოთხოვნით,”- ნათქვამია განცხადებაში, ”რუსული სამშვიდობო ძალები, როგორც ამას [ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების] მე-5 პუნქტის მეორე ნაწილი ითვალისწინებს,  ახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს. ამ მიზნით უსაფრთხოების ზონები შეიქმნა სამხრეთ ოსეთის გარშემო და ამჟამად ეს რეჟიმი ხორციელდება რუსი სამშვიდობოების ბლოკსაგუშაგოების მეშვეობით, სადაც სამხედროების მთლიანი რაოდენობა 500-ზე მეტია”.

რუსეთი უსაფრთხოების ზონას  – იგივე ე.წ. ”ბუფერულ ზონას” – უწოდებს საქართველოს სიღრმეში არსებულ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა დაიწყოს დიალოგი ამ ზონაში მისი ძალების საერთაშორისო დამკვირვებლებით ან თუნდაც საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების თაობაზე. მაგრამ მოსკოვმა იქვე გარკვევით გაუსვა ხაზი, რომ ის საერთაშორისო ძალებს დაუშვებს მხოლოდ უსაფრთხოების ზონაში და არა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

”იმ სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი  ხელმძღვანელობის აგრესიულ მისწრაფებებს უკავშირდება, ეუთოს სამხედრო დამკვირვებლების ფუნქციები კონცენტრირებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზონის პატრულირებაზე მის გარე პერიმეტრზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამას გარდა, უსაფრთხოების ზონაში მიზანშეწონილია საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსების უზრუნველყოფა. ასეთი განთავსება შესაძლებელია განხორციელდეს ეუთოს ეგიდით ევროკავშირის შესაძლებლობებზე დაყრდნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის წევრებმა გამოხატეს ამ საკითხით დაინტერესება”.

ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის დასკვნით დოკუმენტში განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს გამოაგზავნონ ვითარების შემსწავლელი მისია საქართველოში, ინფორმაციის შესაგროვებლად და ”ადგილზე ევროკავშირის გაზრდილი ვალდებულების პირობების განსასაზღვრად, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში”.

ევროკავშირმა ასევე ნათლად მიანიშნა, რომ არ პირებს თავისი დამკვირვებლების გაგზავნას თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში. სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა ჩაერთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმში ”ისე, რომ ჩაანაცვლოს რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ზომები სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ზონაში”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა განიხილოს რუსული მხარის მონაწილეობა უსაფრთხოების ზონაში საერთაშორისო საპოლიციო ძალების ფარგლებში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთი მოწყობისათვის საჭიროა პირობების შემუშავება და მათი შეთანხმება –  ”საჭიროა საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის შეთანხმება, პირველ რიგში  – მისი დემილიტარიზაციის პარამეტრების”.

1 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მოუწოდებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას.

”როცა საერთაშორისო მექანიზმები (დამატებითი სამხედრო დამკვირვებლები, პოლიტიური კომპონენტი და საერთაშორისო მონაწილეობის სხვა შესაძლო ფორმები) შეიქმნება და დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას, შესაძლებელი გახდება უსაფრთხოების ზონაში ოპერატიული მდგომარეობის ანალიზი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს რეჟიმი ეფექტურია იმ თვალსაზრისით, რომ არ დაუშვებს ახალ თავდასხმებს სამხრეთ ოსეთზე და საომარი მოქმედებების განახლებას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სამინისტრო ასევე ამბობს, რომ რუსული მხარე მზადაა განიხილოს ანალოგიური მექანიზმები აფხაზეთის  მიმდებარე უსაფრთხოების ზონაშიც, ”იმ უკვე არსებული სასარგებლო გამოცდილების გათვალისწინებით ამ რაიონში, რომელიც არსებობს ჩვენს სამშვიდობოებსა და გაეროს სამხედრო დამკვირვებლებს შორის ურთიერთქმედების კუთხით”. 

”რუსულ მხარეს არ აქვს განზრახვა სამუდამოდ შეინარჩუნოს თავისი სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამავე დროს, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ზემოთ აღნიშნული სულისკვეთებით საიმედო საერთაშორისო კონტროლის დამყარებას საქართველოს ტერიტორიებზე [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარედ] ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თბილისის რეჟიმის მზადება ახალი ომისთვის”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ზონის ფუნქციონირების პირობები დადგინდება, თბილისს მოუწევს ხელი მოაწეროს ძალის არ გამოყენების თაობაზე დამავალდებულებელ ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)