თბილისის აგრესიამ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ბოლო მოუღო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.
ლავროვმა აგვისტოს ომი წამოწია აშშ-ის ერთპოლარული პოლიტიკის კონტექსტში, რომელმაც მისი თქმით, მარცხი განიცადა არა მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში, არამედ ხელი შეუწყო აგვისტოს ომის პროვოცირებას.
”ერთპოლარული მსოფლიოს ილუზიამ ბევრი შეაშფოთა,”- განაცხადა მან, ”ზოგს კი გაუჩინა სურვილი ამაზე დადოს უპირობო ფსონი. სრული ლოიალობის სანაცვლოდ ისინი იმედოვნებდნენ კარტ-ბლანშის მიღებას ყველა პრობლემის ნებისმიერი მეთოდებით გადაწყვეტაზე. ამგვარად ჩამოყალიბებული ყველაფრის დაშვების კომპლექსი ყოველგვარი კონტროლიდან გამოვიდა 8 აგვისტოს ღამეს, როცა დაიწყო აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. მძინარე ქალაქ ცხინვალის დაბომბვამ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამშვიდობოების დახოცვამ ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება დარეგულირების შესახებ და ბოლო მოუღო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
ლავროვმა გაამართლა რუსული სამხედრო ინტერვენცია მისი მოქალაქეებისა და სამშვიდობოების სიცოცხლის გადარჩენის საჭიროებით. მისი თქმით, რუსეთი დაეხმარა სამხრეთ ოსეთს ”აგრესიის მოგერიებაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ”ერთადერთი შესაძლო ზომა იყო მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, განსაკუთრებით, ”თუ გავითვალისწინებთ ქართველი ლიდერების შოვინისტურ მიდგომებს მათდამი”.
შემდეგ მან გაიხსენა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც მისი თქმით, ”დევიზით ’საქართველო ქართველებისთვის’ მოითხოვა ოსების რუსეთში დეპორტირებa, გააუქმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი და წამოიწყო ომი”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ აირჩია მოლაპარაკებათა მექანიზმების ძირგამომთხრელი კურსი ”პროვოკაციების” მოწყობის გზით.
”შედეგად ფეხქვეშ გათელა სამშვიდობო პროცესი და დაიწყო სისხლიანი ომი 8 აგვისტოს ღამეს,”- განაცხადა ლავროვმა.
”ახლა ეს პრობლემა დახურულია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის მომავალი საიმედოდაა დაცული შეთანხმებებით მოსკოვსა და სოხუმს, ცხინვალს შორის,”- განაგრძო მან, ”ხოლო მედვედევი-სარკოზის გეგმის რეალიზაციამ, რომლის მიმართაც ჩვენ მტკიცე ერთგულებას ვიჩენთ, ამ ორი რესპუბლიკის ირგვლივ ვითარება საბოლოოდ უნდა დაასტაბილუროს”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ”რეჟიმის” საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო ”მსოფლიოში კონფრონტაციის პროვოცირებისაკენ საკუთარი ამოცანების გადაწყვეტისათვის, რასაც არაფერი საერთო არ აქვს არც ქართველი ხალხის ინტერესებთან და არც კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებთან”.
”დღეს აუცილებელია კავკასიის კრიზისის გაანალიზება მისი შედეგებიდან გამომდინარე არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,” – განაცხადა ლავროვმა, ”კავკასიის კრიზისმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ თანამედროვეობის პრობლემების ერთპოლარულ სისტემაში გადაწყვეტა არა მხოლოდ შეუძლებელია, არამედ საშიშიცაა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)