Site icon Civil.ge

ცხინვალის გაზმომარაგებაზე თბილისი და მოსკოვი ურთიერთბრალდებებით გამოდიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ცხინვალის რეგიონის გაზით მომარაგების პრობლემის ”პოლიტიზირების” დემაგოგიურ კამპანიას და ცდილობს ქართული მხარე გამოიყვანოს დამნაშავედ.

ოფიციალური განცხადებით, ცხინვალის რეგიონის გაზმომარაგება აგვისტოს ომის დროს გაზსადენის დაზიანების გამო შეწყდა. თბილისი აცხადებს, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგების აღდგენას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა ეუთოს შუამავლობით შესაძლებელი გახდება აგარა-ცხინვალის გაზსადენზე ყველა შესაძლო დაზიანების შეკეთება.
 
13 იანვარს ეუთოს ბერძნული თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი ხარლამპოს ხრისტეპოლუსი ეუთოს ექსპერტებთან ერთად ეწვია ცხინვალს არსებულ პრობლემაში გარკვევის მიზნით.

15 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება მიესალმა ეუთოს დაგვიანებულ გააქტიურებას ამ მიმართულებით და განაცხადა, რომ ეუთოს ექსპერტებმა დაათვალიერეს ცხინვალის რეგიონზე გამავალი გაზსადენის 7-კილომეტრიანი პერიმეტრი და მასზე დაზიანების არარსებობაში დარწმუნდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზსადენის მწყობრში ყოფნა ასევე დაადასტურა ”გაზპრომის” მიერ ოქტომბერში განხორციელებულმა პროფილაქტიკურმა შემოწმებამ.

”ველით რეგიონში მომუშავე ეუთოს სპეციალისტების ჯგუფისგან ვითარების ობიექტურ შეფასებას და შესაბამისი გავლენის მოხდენას საქართველოს ხელისუფლებაზე ამ არადამიანურ აქციის შეწყვეტის მიზნით,”- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და იქვე იმედი გამოთქვა, რომ გაზმომარაგების პრობლემა ”ოპერატიულად” მოგვარდება.

თუმცა 15 იანვარს გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსული მხარე ”ცრუობს”, როცა აცხადებს, რომ ეუთოს ექსპერტები დარწმუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე დაზიანების არარსებობაში.

სამინისტრო საბერძნეთის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ცხინვალში ვიზიტისას ეუთოს ექსპერტმა დაათვალიერა მხოლოდ  ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სადგური, რადგან სამხრეთ ოსეთის ”მარიონეტული რეჟიმის მხრიდან უარის მიღების და ცუდი ამინდის მიზეზით ექსპერტს არ მიეცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გაზსადენის მთელი სიგრძის შემოწმების საშუალება”.

საქართველოს საგარეო უწყებამ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაზსადენი დაზიანებული იყო სოფელ დირბის მონაკვეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს, ”მაღალი რისკის ზონაში”.

ქართული მხარე მოუწოდებს მოსკოვს და ცხინვალს უზრუნველყონ შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიები ეუთოს ექსპერტებისათვის, რათა მათ საფუძვლიანად შეისწავლონ აგარა-ცხინვალის გაზსადენის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მონაკვეთი და დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეაკეთონ იგი.

”საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში დარჩენილ თანამემამულეთა ცხოვრების აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფაზე ზრუნვა, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და პრაქტიკულად გაწმენდილია მშვიდობიანი მოსახლეობისაგან,”- ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)