Site icon Civil.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეის დელეგაციამ მოსკოვში საქართველოზე იმსჯელა

ქართული ძალების ყოფნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ხშირად იწვევს ინციდენტებს ადმინისტრაციული საზღვრების სიხლოვეს, განუცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა 18 იანვარს მოსკოვში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლუის მარია დე პუჩის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩასული დელეგაციის მიზანია რუსეთის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის აგვისტოს ომის შედეგების შესახებ 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციის შესრულების შეფასება. ოქტომბრის ბოლოს ანალოგიური დელეგაცია თბილისსაც სტუმრობდა. ახალ მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით ასამბლეა 28 იანვარს, სტრასბურგში ზამთრის სესიის დროს განიხილავს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ბორის გრიზლოვმა განაცხადა, რომ ”ინციდენტები საზღვარზე ქართული მხარის პროვოცირებით მოხდა”. 

ქართული საპოლიციო ძალები სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე 2008 წლის ოქტომბერში, ამ ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლის შემდეგ შევიდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ ამ ტერიტორიებზე მომხდარი ინციდენტების შედეგად სულ თერთმეტი ქართველი პოლიციელი დაიღუპა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინიტრაციულ საზღვართან 16 იანვარს მოხდა.

ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ბორის გრიზლოვმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები ”ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით”. თბილისი აცხადებს, რომ გაზის მიწოდება მას შემდეგ შეწყდა, რაც აგვისტოს ომის შედეგად გაზსადენი დაზიანდა.

გრიზლოვმა ასევე დააყენა ”საქართველოს მიერ რუსული სატელევიზიო არხების და რუსული ვებგვერდების დაბლოკვის საკითხი”.

”მე მიმაჩნია, რომ ეს არ შეესაბამება ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების პრინციპს და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიულ სტანდარდს,” – დასძინა გრიზლოვმა.

ოქტომბერში საქართველომ მთლიანად მოხსნა შეზღუდვები .ru დომენის მქონე ვებგვერდებზე. თუმცა, რუსული ტელევიზიები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის, კვლავ დაბლოკილია. მათთვის, ვისაც სატელიტური ანტენები აქვთ, რუსული არხები ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ მაყურებლის უმრავლესობა უფრო საკაბელო ტელევიზიებით სარგებლობს, ვიდრე სატელიტურ ანტენებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)