თითქმის ერთვიანი პატიმრობის შემდეგ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 2 დეკემბერს ოთხი ქართველი მოზარდიდან ორი დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ორი პატიმრობაში დატოვა.
14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე, რომლებსაც ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა, ადმინისტრაციულ საზღვარზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა გადმოიყვანა.
ჰამარბერგი ბოლო ხუთი დღეა თბილისსა და ცხინვალში ორივე მხარეს მყოფი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავდა.
დანარჩენ ორ მოზარდს – 17 წლის ლევან ხმიადაშვილსა და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკურს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში.
როგორც რადიო "თავისუფლების“ გადაცემა "ეხო კავკაზა“ იტყობინება, ჰამარბერგმა ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ათ დღეში საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს და მას იმედი აქვს, რომ დარჩენილი ორი მოზარდის გათავისუფლებაც მოხდება.
ორი მოზარდის გათავისუფლებამდე რამოდენიმე საათით ადრე ცხინვალმა გაავრცელა ცნობა, რომ ქართულმა მხარემ ხუთი ოსი ეროვნების მოქალაქე გაანთავისუფლა, რომლებიც 2 დეკემბერს დილით ცხინვალში ჰამარბერგმა ჩაიყვანა.
საქართველოს ოფიციალური პირები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდნენ დაკავებულ პირთა გაცვლის შესაძლებლობას, ხუთი ოსი პიროვნების გათავისუფლების ფაქტზე კომენტარს ერიდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია არც ნაციონალურ ტელეარხებს გაუვრცელებიათ.
ოთხივე მოზარდი, რომლებიც სოფელ ტირძნისიდან არიან, ცხინვალის სიახლოვეს 4 ნოემბერს დააკავეს; მათ ბრალი დასდეს ”სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადალახვაში,“ იარაღის უკანონო ტარება/შენახვასა და ქურდობაში.
პრეზიდენტ სააკაშვილის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ”პრეზიდენტი მიესალმება უკანონო პატიმრობაში მყოფი ორი მცირეწლოვანის გათავისუფლებას.“
”თუმცა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკანონო პატიმრობაში კიდევ ორი მოზარდი რჩება. მას მიაჩნია, რომ ეს საოკუპაციო რეჟიმის არაადამიანური გადაწყვეტილებაა,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტი ორი მოზარდის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)