სტრასბურგში არსებულმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 26 აპრილს ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“.
სტრასბურგში არსებულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელესთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.
თუმცა, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები და განაცხადა, რომ, მოსარჩელეს მტკიცების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–2 მუხლი არსებით ნაწილში არ დარღვეულა.
საქმე – ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ – ეხება 2006 წელს, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას.
ეს საქმე 2006 წლის მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და მას შემდეგ არ კარგავს აქტუალობას იმ არსებული ბრალდებების გამო, რომ გამოძიებამ დამალა შსს-ის მაღალჩინოსანთა და შს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობასთან.
გირგვლიანის საქმეზე შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლეს. თუმცა, ისინი ჯერ პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ, 2009 წლის სექტემბერში, ისინი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
მოსარჩელეები – ირინა ენუქიძე (სანდრო გირგვლიანის დედა, რომელიც 2007 წლის აგვისტოში გარდაიცვალა სტრასბურგში სარჩელის წარდგენის შემდეგ) და გურამ გირგვლიანი (მამა) – ამტკიცებდნენ, რომ ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება). მოსარჩელეები ასევე ითხოვდნენ 38 მუხლის დარღვევის აღიარებას, რომელიც საქმის განხილვის მიმდინარეობას ეხება, რადგან მათი მტკიცებით, საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არ მიაწოდა ყველა ის მტიკიცებულება, რომელიც საქმის განხილვას შეუწყობდა ხელს.
კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად, მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მათი შვილი შსს–ს მაღალჩინოსნებმა მოკლეს და რომ ხელისუფლებამ ეფექტური გამოძიების ჩატარება ვერ უზრუნველყო; შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმესთან მიმართებით ამ მუხლის როგორც პროცედურულ, ისე არსებით ნაწილებს მიმოიხილავს.
არსებით ნაწილთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტები, რომ მართალია სანდრო გირგვლიანი შსს–ს თანამშრომლების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ დამნაშავეები, დანაშაულის ჩადენისას მოქმედებდნენ, როგორც კერძო პირები და არა როგორც შსს-ს ოფიცრები, თავიანთი ოფიციალური სტატუსით და არ ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ დამნაშავეები შსს–ს იმ მაღალჩინოსნების ბრძანებით მოქმედებდნენ, რომლებიც შარდენ ბარში იმყოფებოდნენ, სადაც მსხვერპლმა გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე შსს–ს ერთ–ერთ თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ "მტკიცებულებითი საფუძველი არასაკმარისია“ იმისათვის, რომ "ამ ფაქტზე ასეთი შორსმიმავალი დასკვნა გაკეთდეს“.
თუმცა, სასამართლომ ყველა დონეზე განხორციელებული საგამოძიებო პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას "აშკარად აკლდა“ მიუკერძოებლობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ "ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.
"სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ,”– აცხადებს სტრასბურგის სასამართლო.
”ხელისუფლების მიერ ამგვარი შერჩევითი მიდგომა სასამართლოსთვის მიუღებელია, რადგანაც იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის ღრმა, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს,” – ნათქვამია განაჩენში.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოძიების ჩატარებისას არ იყო გულწრფელი.
"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ – განაცხადა სასამართლომ.
სასამართლოს თქმით, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო ხარვეზები როგორც შსს–ს მიერ, ასევე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილება ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით; ასევე ხარვეზები სასამართლოს მიმდინარეობისას და პრეზიდენტ სააკაშვილის ”არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა“ მსჯავრდებულთა მიმართ, როდესაც 2008 წელს მან შეიწყალა ისინი და სასჯელი გაუნახევრა. 2009 წელს ოთხივე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
საქართველოში ჩატარებული სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სასამართლო პროცესის "მთავარი ნაკლოვანება“ იყო ქართული სასამართლოს "მტკიცე უარი, რომ მოსარჩელეებისთვის საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დრო მიეცა.”
"გამაოგნებელია, რომ ასეთ განსაკუთრებულად რთულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვები მხოლოდ ცხრა დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში მხარისთვის [გირგვლიანის ოჯახისთვის] და მოსამართლეებისთვისაც კი ასეთი მოცულობითი საქმის მასალების შესწავლა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო,“ – განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მისი "არაერთგზის თხოვნებისა“ საქართველოს ხელისუფლებამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ერთსაათიანი ვიდეოჩანაწერი სრულად, რათა დადგენილიყო მანქანების გადაადგილება ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე, სადაც დანაშაული მოხდა.
სასამართლომ განაცხადა, რომ მტკიცებულების სრულად წარდგენა აუცილებელი იყო, რადგანაც მას შეეძლო ან გაემყარებინა, ან პირიქით, გაებათილებინა მოსარჩელეთა ბრალდება, რომ დანაშაულში შსს–ის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
"თავის წერილობით განცხადებებში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის [სრული ვიდეოჩანაწერის არ წარმოდგენის] დასაბუთება და დუმილი შეინარჩუნა, როდესაც მოსარჩელეებმა 2010 წლის 27 აპრილის [სტრასბურგის სასამართლოში]საჯარო მოსმენის დროს პირდაპირ უსაყვედურეს მას ამის თაობაზე,“ – განაცხადა სასამართლომ.
ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ სხვა სადავო მუხლების ცალკე განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან მე–2 მუხლმა მოიცვა ისინი შინაარსობრივად.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა,“ სასამართლომ მოსარჩელის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დააკისრა; მოსარჩელე 300 000 ევროს ითხოვდა.
მხარეებს უფლება აქვთ აღნიშნული განაჩენი სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაასაჩივრონ. ასეთ შემთხვევაში, ხუთი მოსამართლისგან შემდგარი ჯგუფი გადაწყვეტს არსებობს თუ არა გასაჩივრებისთვის საფუძველი; დადებითი პასუხის შემთხვევაში საქმეს დიდი პალატა განიხილავს, ხოლო უარის შემთხვევაში განაჩენი ძალაში შესულად ჩაითვლება. განაჩენი ასევე ჩაითვლება ძალაში შესულად, თუ სამი თვის ვადაში არც ერთი მხარე მას არ გაასაჩივრებს.
This post is also available in: Русский (რუსული)