ყოფილი პრემიერ–მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მისი საქმის წინასასამართლო მოსმენა დაიწყო. ეს მერაბიშვილის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც სამი თვის წინ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
იმავე საქმეზე, რომელიც შარშან წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, ასევე აქვს ბრალი წაყენებული ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს და ამჟამად კახეთის გუბერნატორს ზურაბ ჭიაბერაშვილს. იმ დროს მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრი, ხოლო ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრი იყო. ორივე მათგანი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
მერაბიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც ქუთაისის სასამართლომ 22 მაისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ჭიაბერაშვილი არ იმყოფება პატიმრობაში, რადგანაც ის 23 მაისს 20 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მერაბიშვილი, რომელიც დაკავების შემდეგ წონაში საგრძნობლად დაკლებული ჩანდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თბილისიდან ჩაიყვანეს, შემდეგ კი უკან თბილისის მე–9 საპყრობილეში დააბრუნეს მას შემდეგ, რაც სასამართლო მოსმენა ერთი კვირით გადაიდო.
„რა თქმა უნდა, მე სერიოზულად ამ პროცესს არ ვუდგები იმიტომ, რომ თავიდანვე განაჩენი გამოტანილია“, – განაცხადა მერაბიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა რა ქუთაისის სასამართლოს მიუკერძოებლობა, „რა თქმა უნდა, ხელისუფლება გაწელავს პროცესს, მაგრამ მე არ დავიღლები“.
„სასამართლო სხდომის მიმდინარეობამ დაამტკიცა და აჩვენა აბსურდულობა ამ პროცესის, რომელიც ჩვენ უკვე შევაფასეთ როგორც პოლიტიკური ფარსი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და მის პატიმრობას, განსაკუთრებით წინასწარ პატიმრობაში ყოფნას სხვა მიზანი არ აქვს, თუ არა ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის დასუსტების და განადგურების მცდელობა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
წინასწარი მოსმენის დროს სხდომის თავმჯდომარე მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იღებს გადაწყვეტილებას და მხარეთა სხვადასხვა შუამდგომლობებს ისმენს; მოსამართლე ასევე იღებს გადაწყვეტილებას უნდა დაიწყოს თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
12 სექტემბრის მოსმენის დროს, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გრძელი ნუსხის მოსმენა დაიწყო, რომელთა დიდი ნაწილიც მოიცავს მოწმეთა ჩამონათვალს, დაახლოებით 4 500 ადამიანს, რომელთა მოწვევასაც ბრალდების მხარე სასამართლოზე დასაკითხად გეგმავს. საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას. ეს პროგრამა წინა ხელისუფლებამ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ათასობით ადამიანი იქნა დაქირავებული ამ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს ხალხი დაიქირავეს არა იმისთვის, რომ უმუშევართა აღწერა ჩაეტარებინათ, არამედ იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა საქმიანობა შეესრულებინათ.
„მსოფლიოში არ არსებობს პროცესი, სადაც ამდენი ხალხი დაიკითხა. ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება საკუთარი უსუსურობის, საკუთარი ტყუილის დაფარვა დიდი სიის წაკითხვით“, – განაცხადა მერაბიშვილმა მოსმენაზე.
მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ფაქტიურად შეუძლებელია ამდენი მოწმის დაკითხვა 2014 წლის თებერვლამდე, როდესაც მერაბიშვილის წინასწარი დაკავების მაქსიმალური 9-თვიანი ვადა იწურება და როდესაც სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. ერთ–ერთმა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ საბოლოო ვადის მოახლოების გამო, შესაძლებელია სიაში შესული ყველა მოწმე აღარ დაიკითხოს.
12 სექტემბრის წინასწარი მოსმენის დროს მერაბიშვილმაც და ჭიაბერაშვილმაც უარი თქვეს, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა.
იანვარში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს მათი საქმეები. თუმცა, საბოლოო სიტყვა გადაწყვეტილების მიღებაში ბრალდებულებს ეკუთვნით და არა პროკურატურას.
„ვანო მებაბიშვილის მხრიდან [ნაფიც მსაჯულებზე უარის მოტივად] დასახელდა ის, რომ იგი იყო პოლიტიკური პატიმარი, ბრალდების მხრიდან მოხდება ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა და არ სურდა ნაფიცი მსაჯულები ასეთი ზეწოლის ქვეშ მოქცეულიყვნენ“, – განუცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა Civil.ge-ს 13 სექტემბერს.
წინასწარი მოსმენის პირველ დღეს ერთ–ერთი პირველი შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლე თეიმურაზ დგვარელს წარუდგინეს, ეხებოდა ქუთაისის სასამართლოს აცილებას და საქმის თბილისის სასამართლოში გადატანას. თეიმურაზ დგვარელმა, რომელიც 90-იანი წლებიდან მოსამართლედ მუშაობს, ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, როგორც „სამართლებრივად უსაფუძვლო“.
ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა გამოთქვეს ვარაუდები, რომ ქუთაისის სასამართლო მიუკერძოებლად ვერ განიხილავდა საქმეს; მათი თქმით, ეს ვარაუდები გამომდინარეობს იქიდანაც, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის მიმართ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი აღმკვეთი ღონისძიებების ძალაში დატოვება.
მაისის ბოლოს ამ სარჩელზე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მალხაზ გურულმა მიიღო. ადვოკატები აცხადებენ, რომ ვინაიდან გურული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის წევრი არ არის, იგი არ იყო უფლებამოსილი წინასწარ პატიმრობაში დატოვებაზე გადაწყვეტილება გამოეტანა.
ამით, როგორც ადვოკატები აცხადებენ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სამართლიან სასამართლოზე ბრალდებულთა უფლება დაირღვა და ამის გამო, საქმე, რომელიც მოსამართლე გურულის გადაწყვეტილებით მერაბიშვილის წინაწარ პატიმრობაში დატოვებას ეხება, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება.
მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ სარჩელი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს გაიგზავნება სტრასბურგში.
მერაბიშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები, მათ შორის დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან, აცხადებენ, რომ მოსამართლე გურული განზრახ იქნა შერჩეული საქმის განსახილველად, რადგანაც ის ბრალდების ზეწოლის ქვეშ მოექცა და პროკურორის მითითებებით მოქმედებდა. მერაბიშვილის მხარდამჭერები და მისი ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ მათ არ სურთ საქმე ქუთაისის სასამართლომ განიხილოს, ვინაიდან მათი მოსაზრებით ეს სასამართლო უფრო დაემორჩილება ზეწოლას. ისინი ასევე აცხადებენ, რომ თუ ქუთაისის საქალაქო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, დაცვის მხარეს მოუწევს, რომ ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს, რომლის თავმჯდომარეც მალხაზ გურულია.
საქმეზე ერთ–ერთმა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ერთი წამითაც რომ დაუშვან ალბათობა, რომ სააპელაციო სარჩელის მოსმენის დროს რაიმე პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ეს ვერ გახდება მთლიანად ქუთაისის სასამართლოს აცილების მიზეზი. მისი თქმით, საქმე იმიტომ წარედგინა განსახილველად ქუთაისის სასამართლოს, რომ მას ქუთაისის საოლქო პროკურატურა იძიებდა და ამიტომაც სამართლებრივად ვალდებული იყო, რომ საქმე ადგილობრივი სასამართლოსთვის გადაეცა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უარყო მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატების ბრალდებები, როგორც „დაუსაბუთებელი და არასწორი“. სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული თავისივე ბრძანების საფუძველზე ჩაერთო საგამოძიებო კოლეგიას მიკუთვნებული საქმეების განხილვაში იმის გამო, რომ საქმეების რაოდენობამ მაისში მკვეთრად მოიმატა და საგამოძიებო კოლეგიაში მომუშავე მხოლოდ ერთი მოსამართლე მათ განხილვას ვერ აუდიოდა.
ბრალდების მხარე მტკიცებულებათა წარმოდგენას, ძირითადად იმ რამდენიმე ათასი მოწმის გვარების ჩამოთვლას, რომელთა გამოძახებასაც ის პროცესზე გეგმავს, წინასწარი მოსმენის მომდევნო სხდომაზე განაგრძობს, რომელიც 19 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ადვოკატების თქმით, ისინი აპირებენ მომდევნო სხდომაზე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დააყენონ.
მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს, როცა მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ბრალდებები, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება, მერაბიშვილს ივნისში წაუყენეს; პროკურატურა მერაბიშვილს, რომელიც 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს, რათა მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისთვის შეეშალა ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)