სამი ირანელი, რომლებიც საქართელოში საქმიანობენ, და მათი რამოდენიმე კომპანია იმ პირებისა და ფირმების ნუსხაში მოხვდნენ რომლებიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მტკიცებით ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
სიაში, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა, რვა ქვეყანაში მოქმედი 30-ზე მეტ კომპანია და კერძო პირი მოხვდა, რომლებიც, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თქმით, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას უწყობენ ხელს.
მათ შორის არიან საქართველოში მცხოვრები სამი პირი: ფურია ნაიები, ჰოუშენგ ჰოსეინფორი და ჰოუშენგ ფარსუდეჰი და მათ მფლობელობაში ან მათთან სხვაგვარად ასოცირებული რვა კომპანია; ამ კომპანიებიდან სულ ცოტა ორი უშუალოდ საქართველოშია რეგისტრირებული, ხოლო რამოდენიმეს ალტერნატიულ მისამართებად საქართველოში სხვადასხვა ადგილი აქვთ მითითებული.
„საქართველოს მთავრობამ მჭიდროდ ითანამშრომლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოში ირანთან დაკავშირებული უკანონო და თაღლითური საქმიანობის გამოსავლენად და მოსაგვარებლად, და გადადგა ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოქცეულ ირანულ კომპანიებს არ მისცემოდათ საქართველოს ფინანსური სისტემის გამოყენების საშუალება“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 6 თებერვალს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, რომელიც სანქციების განხორციელებაზე ზედამხედველი ორგანოა, საქართველოში მოქმედი სამი კერძო პირი და მათთან ასოცირებული კომპანიები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი ირანს ფინანსურ ტრანსაქციებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.
„ამ სამმა პირმა კომპანიები და ფინანსური ინსტიტუტები ჩამოაყალიბა ბევრ ქვეყანაში და ამ კომპანიებს იმისთვის იყენებდა, რომ თაღლითური ტრანსაქციებისთვის შეეწყოთ ხელი იმ პირებისთვის ან იმ პირთა სახელით, რომლებზეც ირანთან მიმართებაში აშშ-ის სანქციები ვრცელდება“, – განაცხადა მან.
2011 წელს ფურია ნაიებიმ, ჰოუშენგ ჰოსეინფორმა და ჰოუშენგ ფარსუდეჰმა სს „ინვესტბანკში“ აქციების 70% შეიძინეს ლიხტენშტაინში დარეგისტრირებული KSN Foundation-ის მეშვეობით.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამ სამმა პირმა ბანკი იმისთვის გამოიყენა, რომ ათობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტრანზაქციების განხორციელებას დახმარებოდა შავ სიაში შესული ირანული ბანკებისთვის, რომელთა შორის იყვნენ Bank Melli, Mir Business Bank, Bank Saderat და Bank Tejarat.
2013 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ინვესტბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა და ამის მიზეზად ბანკის საქმიანობაში „სერიოზული ხარვეზები“ დაასახელა. მაშინ ეროვნულმა ბანკმა არ დააკონკრეტა, თუ რა ხარვეზებზე იყო საუბარი.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ნაიებიმ, ჰოსეინფორმა და ფარსუდეჰმა „მოატყუეს“ საქართველოს ფინანსური მარეგულირებლები და არ წარადგინეს სანქციების ქვეშ მოქცეულ ირანულ ბანკებთან განხორციელებულ ტრანზაქციების შესახებ სავალდებულო ანგარიშები.
Wall Street Journal-ი 6 თებერვალს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ თავად "ინვესტბანკი" არ იქნა მიჩნეული როგორც სანქციებზე თავის ამრიდებელი, რადგანაც საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან მუშაობდა სამი პირის ბანკიდან "ჩამოსაცილებლად" და „ბანკის უფრო ლეგიტიმურ ხელში" დასაბრუნებლად.
ლიხტენშტაინში დარეგისტრირებული KSN Foundation-ი „ინვესტბანკის“ აქციონერთა სიაში აღარ ფიგურირებს; ბანკის მენეჯმენტში კვლავაც რჩება დროებითი ადმინისტრატორი.
საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში მოხვდნენ, არიან Georgian Business Development და Caucasus Energy.
Georgian Business Development-ი GBD FIZ-ის სახელით არის დარეგისტრირებული ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში; სარეგისტრაციო დოკუმენტებში ფურია ნაიები მის დირექტორად არის მითითებული.
რაც შეეხება Caucasus Energy-ს, რომელიც თბილისშია დარეგისტრირებული, ის ჰოუშენგ ჰოსეინფორის სრულ მფლობელობაშია. Caucasus Energy კერძო ავიაკომპანია FlyGeorgia–ს 40%-ის მფლობელია, სადაც ჰოუშენგ ფარსუდეჰს 25%-იანი წილი აქვს. თავად კომპანია FlyGeorgia არ შედის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სიაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)