Site icon Civil.ge

მთავრობას ‘ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის’ დაწყებისკენ მოუწოდეს

თომას ჰამარბერგმა, რომელიც ბოლო ერთი წელია ევროკავშირის სპეციალური მრჩეველია საქართველოში სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, მოუწოდა ხელისუფლებას „ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანია“ დაიწყოს და გააფრთხილა ოფიციალური პირები, რომ ნუ აკნინებენ სიძულვილის საფუძველზე, მათ შორის პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებს.
 
7 ივნისს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას ჰამარბერგმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარების შესახებ საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინა, აღნიშნა პროგრესი, მათ შორის სასჯელაღსრულების და სასამართლო სისტემაში და გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
 
პრობლემებზე საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, მან ასევე ახსენა ძალადობის შემთხვევები და განაცხადა: „მე ფაქტიურად რეკომენდაციას ვაძლევ მთავრობას, ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანია დაიწყოს  – ნამდვილად სერიოზულად მოეკიდოს ადამიანებს შორის ძალადობას“.
 
„ადგილი ჰქონდა სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის პოლიტიკასთან და არჩევნებთან კავშირში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
 
„ვფიქრობ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინფორმაცია ინდივიდუალურ პირებზე თავდასხმების შესახებ… ყველა ასეთი შემთხვევა ზედმიწევნით იქნას გამოძიებული სწრაფად და შედეგები საჯარო გახდეს, რათა შეჩერდეს ტენდენცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს“, – განაცხადა მან.
 
ძალადობის ყველაზე ბოლო შემთხვევას ბათუმის ცენტრში 7 ივნისს ჰქონდა ადგილი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და დეპუტატი გიორგი ბარამიძე ამომრჩეველთა მცირე ჯგუფს ხვდებოდნენ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანი, ნაციონალური მოძრაობის მწვავე ოპონენტი, გამოჩნდა. ინციდენტი შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების და კანდიდატების წინააღმდეგ ძალადობრივ ინციდენტს 6 ივნისს ზუგდიდშიც ჰქონდა ადგილი. ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მიერ შექმნილი „ძალადობის, აგრესიის და დაუსჯელობის“ კლიმატის შედეგია.
 
სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის დროს, ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთ წამყვან ფიგურას ზურაბ ჭიაბერაშვილს 27 მაისს თბილისის ერთ–ერთ კაფეში თავდამსხმელმა რამდენჯერმე ჩაარტყა ჭიქა თავში.
 
თავდამსხმელს, რომელიც გირაოთი გაათავისუფლეს, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დასდეს ბრალი – ამ კვალიფიკაციას ჭიაბერაშვილის ადვოკატები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საგნის გამოყენებით ხულიგნობაში უნდა დაედანაშაულებინათ, რაც ბევრად უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს (პატიმრობას ოთხიდან შვიდ წლამდე), ვიდრე ის მუხლი, რომელიც თავდამსხმელს წაუყენეს (ჯარიმა ან პატიმრობა ერთ წლამდე ვადით). ოპონენტები აცხადებენ, რომ ამგვარი დანაშაულების მიმართ არათანაზომიერი სირბილე უკვე ტენდენცია გახდა საქართველოში, რაც „დაუსჯელობის სინდრომს“ უწყობს ხელს და მხოლოდ შემდგომ ძალადობას უწყობს ხელს.
 
ჭიაბერაშვილის თავდასხმის კომენტირებისას, ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის გიორგი ვოლსკი და მანანა კობახიძე, ძალადობის დაგმობასთან ერთად, შეეცადა, რომ ასეთი შემთხვევები „იმ უარყოფითი მუხტით“ აეხსნა, რომელიც საზოგადოებაში წინა ხელისუფლების მიმართ არის დაგროვილი.  კობახიძის თქმით, ქართული ოცნების ბრალი ნამდვილად არ არის ის, თუ საზოგადოებას უარყოფითი ემოციები აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ.
 
7 ივნისს პრესკონფერენციაზე ჰამარბერგმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა მკაფიო ანტი–ძალადობრივი პოზიცია დაიკავონ“.
 
„გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამ პრობლემაზე ზოგიერთ წამყვან პოლიტიკოსს ვესაუბრე; არ დამრჩა შეგრძნება, რომ მათ ეს საკმარისად სერიოზულად მიიღეს“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
 
„და თუ ისინი მედიაში ჩანან, რომ მსუბუქად ეკიდებიან ამ საკითხს და აკნინებენ მას [ძალადობის შემთხვევებს], ეს შესაძლოა სხვა ადამიანებმა გაიგონ, როგორც წახალისების სიგნალი იმისკენ, რომ თავს დაესხან იმ ადამიანებს, ვინც არ მოწონთ“, – დასძინა მან.
 
ოჯახური ძალადობა
 
ჰამარბერგმა ოჯახური ძალადობის „სერიოზულ პრობლემასაც“ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წლის პირველ ოთხ თვეში მომხდარ სულ ცოტა 14 შემთხვევის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, როცა ოჯახში ქალთა მკვლელობას ჰქონდა ადგილი. 
 
„არსებობს საჭიროება, რომ პოლიციას ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს ოჯახური ძალადობის შემთხვევებს“, – განაცხადა მან.
 
მან ასევე მოუწოდა, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ზოგადად სოციალურ საკითხებს. „ბოლო წლებში პოლიტიკა საქართველოში ძალიან არის ფოკუსირებული უსაფრთხოების საკითხებზე; ვფიქრობ, დრო მოვიდა, რომ სოციალურ საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება“, – განაცხადა ჰამარბერგმა.
 
‘ერთ–ერთი საუკეთესო ევროპაში – მაგრამ ჯერ მხოლოდ ქაღალდზეა’
 
ჰამარბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ 6 ივნისს ადამიანის უფლებათა ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მიიღო; პარლამენტმა აპრილის ბოლოს ადამიანის უფლებათა სტრატეგია დამტკიცა 2014–2020 წლებისთვის.
 
„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს დეტალური სამოქმედო გეგმა „ერთ–ერთი საუკეთესოა ევროპაში“.
 
„მაგრამ ის ჯერ კიდევ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. იქცევა თუ არა ის მნიშვნელოვან გეგმად, მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესრულდება რეალობაში“, – განაცხადა ჰამარბერგმა. 

‘მოსამართლეები უფრო დამოუკიდებლები არიან’
 
დადებით მოვლენებს შორის მან აღნიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სასჯელაღსრულების სისტემაში, ნაწილობრივ პატიმრების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების და ასევე ციხეებში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მიღწეული გაუმჯობესების გამო.
 
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ნათელია, რომ მოსამართლეები უფრო დამოუკიდებლები არიან, ვიდრე ადრე. და სასამართლოს განაჩენები და გადაწყვეტილებები უკეთესადაა დასაბუთებული, ვიდრე ადრე“
 
მან ასევე აღნიშნა პროგრესი მედიის თავისუფლების კუთხით, მიესალმა ანტი–დისკრიმინაციული კანონის მიღებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ამუშავებას. მან ასევე აღნიშნა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების „გაუმჯობესება“.
 
‘გააუმჯობესეთ პროკურატურის მუშაობის ხარისხი’
 
ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მისი ერთ–ერთი გზავნილი მთავრობის მიმართ იყო პროკურატურის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება.
 
„ვფიქრობ, კვლავ არსებობს იმის საჭიროება, რომ საქართველოში პროკურატურის მუშაობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე მთავარი პროკურორი ორჯერ შეიცვალა, რაც იმის „სიგნალია, რომ ის [პროკურატურა] რეალურად კარგად არ მუშაობდა“.
 
მისი თქმით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ათასობით საჩივარი, რომლითაც პროკურატურას მოქალაქეებმა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიმართეს, სახელმწიფოსთვის ქონების არანებაყოფლობით გადაცემასთან, ციხეებში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან და სხვა სავარაუდო კანონდარღვევებთან დაკავშირებით.
 
„წელიწადნახევარი გავიდა და ყველა ამ საჩივარს ჯერ რეალური პასუხი არ გასცემია“, – განაცხადა მან, „რა თქმა უნდა, ყველა ამ მომჩივანს აქვს უფლება, რომ ხელისუფლებისგან პასუხი მიიღონ თავიანთი საჩივრის არსზე“.
 
ჰამარბერგით თქმით, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა მას, რომ მთავარმა პროკურატურამ ყველა ამ საჩივარს გადახედა და მალე მათზე მუშაობას დაიწყებს.
 
მან მთავრობის იმ წუხილს გაუსვა ხაზი, რაც წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს მიერ წართმეული ქონების გამო გასაცემ კომპენსაციებს უკავშირდება და რაც მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. მაგრამ ჰამარბერგმა განაცხადა, რომ დაზარალებულებს რაც შეიძლება სამართლიანად უნდა მოექცნენ.
 
პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების განხილვის მექანიზმი
 
ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მან რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის საკითხზე იფიქროს იმ საჩივრების განსახილველად, რომლებიც პოლიციის და სხვა სამართალდამცველების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ  კანონდარღვევებს შეეხება.
 
„უნდა იყოს რაღაც მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების საქციელის გამო პრეტენზიები გამოთქვან და ამის გამო რისკის წინაშე არ დადგნენ. თუ პიროვნებას პოლიციელი არასათანადოდ მოექცა, ამ პირს შესაძლოა არ მოუნდეს პოლიციაში წასვლა საჩივლელად. უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა, სადაც შეძლებთ წასვლას და ჩივილს და სადაც ეს საჩივარი მიუკერძოებლად იქნება განხილული“, – განაცხადა მან.
 
მოსმენების შესახებ კანონმდებლობა
 
ჰამარბერგი მიესალმა პარლამენტის მიერ მაისის ბოლოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პირველი მოსმენით მიღებას, რომელიც მთავრობის მიერ მოსმენების განხორციელების პრაქტიკაზე კონტროლის მექანიზმებს ზრდის. 
 
თუმცა, კანონპროექტი ღიად ტოვებს სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე შსს-ის პირდაპირი წვდომის საკითხს, რითაც მას ე.წ. „შავი ყუთების“ მეშვეობით შეუძლია ერთდროულად ათასობით ნომრის მოსმენა განახორციელოს. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა ამ უფლების სამართალდამცავებისთვის ჩამორთმევას და მათთვის საჭირო მონაცემების მობილური ოპერატორებისგან მიღების მექანიზმს – ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება შსს და პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი. მიღებული კანონპროექტის თანახმად, ნოემბრისთვის შემუშავდება ამ საკითხის მარეგულირებელი ნორმები. ქართული ოცნების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მეტი დროა საჭირო რაციონალური წინადადების მოსამზადებლად, რომელიც ერთი მხრივ მოსმენებზე ძლიერი კონტროლის ზომებს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ უსაფრთხოების სამსახურის გამართულ მუშაობას რისკის ქვეშ არ დააყენებს.
 
„ვფიქრობ, ჭკვიანური იყო, რომ მათ [ხელისუფლებამ] გადადეს ეს [სადავო საკითხი], რადგანაც მას ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი ანალიზი სჭირდება“, – განაცხადა ჰამარბერგმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)