Site icon Civil.ge

საქართველოს ლიდერების გამოსვლა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ კონცერტზე



ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აღსანიშნავი ღონისძიების დროს მამაკაცი ქართული დროშით იმ ადგილას, სადაც საქართველოს და ევროკავშირის დროშებია გამოსახული პროექტორის მეშვეობით მეტეხის ეკლესიის გალავანზე, 27 ივნისი, 2014. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს საღამოს სიტყვით მიმართეს ევროკავშირთან  ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე თბილისის ცენტრში ღია ცის ქვეშ შეკრებილ მოსახლეობას. 

მათ გამოსვლებს წინ უძღოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მიმართვა ევროპის მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელის ბრიუსელიდან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა, თავის გამოსვლაში განაცხადა: „მივესალმები საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს; მივესალმები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“.

„ყველას მოგილოცავთ ამ მართლაც ისტორიულ დღეს. ეს არის დღე, რომელიც ჩვენ ყველას გვემახსოვრება და ეს არის დღე, რითაც ჩვენ, ქართველები მრავალი ხნის მანძილზე აუცილებლად ვიამაყებთ“, – განაცხადა მან თავის მოკლე გამოსვლაში, „ეს არის გამარჯვება, რომელიც ეკუთვნის ჩვენს დიდ წინაპრებს, ვინაიდან ეს არის საქმე, რომელიც სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების წამოწყებულია. ეს არის ჩვენი დიდი მეფეების, ეს არის დიდი ილიას, ვაჟა-ფშაველას, ეს არის ჩვენი დიდი ქართველების საოცნებო დღე“.

„ეს არის დასაწყისი ძალიან დიდი გამარჯვებისა“, – განაცხადა მან, „როგორ პატრიარქმა ბრძანა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი დიდი კულტურით და ჩვენი ტრადიციებით უნდა შევიდეთ დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენ გვჯერა, რომ ვართ იმ დიდი ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ქვია დიდი ევროპული ოჯახი“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: „საქართველო არის თავისუფალი, მან გააკეთა თავისუფალი არჩევანი და გადადგა ნაბიჯი ევროპისაკენ“.

„მოგეხსენებათ, ევროპა არ არის სრულყოფილი, ევროპა არ არის ამქვეყნიური სამოთხე, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ევროპა არის ყველაზე თავისუფალი, ევროპა არის ყველაზე სამართლიანი, ევროპა არის ყველაზე უსაფრთხო, ევროპა არის ის ადგილი, სადაც ეროვნული თვითმყოფადობა ყველაზე უკეთ არის დაცული ყველაზე მცირე ერებისთვისაც კი. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს შეგნებული არჩევანი, ეს ისტორიული არჩევანი და ვუერთდებით ევროპას“, – განაგრძო უსუფაშვილმა, „ჩვენ, პატარა საქართველო, მცირერიცხოვანი ქართველები არ ვართ შეშფოთებულნი იმით, რომ დიდ ევროპას ვუერთდებით იმიტომ, რომ დღევანდელი ევროპის 28 სახელმწიფოდან, 13 ჩვენ პატარაა ტერიტორიით; 28 სახელმწიფოდან 9 ჩვენზე მცირერიცხოვანია მოსახლეობით, მაგრამ სწორედ ამ პატარა ერებმა, სწორედ ამ ხალხებმა, სწორედ ამ ქვეყნებმა გაერთიანებულ ევროპაში ჰპოვეს მშვიდობა და ხელსაყრელი პირობები განვითარებისთვის  – ეს არჩევანი გავაკეთეთ ჩვენ, ქართველებმა. ჩვენ ევროპაში გველოდება 40 მლნ ერთმორწმუნე მართლმადიდებელი სხვა  რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებთან ერთად. ასე რომ, ჩვენ არ მივდივართ უცხო გარემოში; ჩვენ ვბრუნდებით იქ, სადაც ცივილიზაციურად ყოველთვის იყო ჩვენი, ქართველები ადგილი“

„ამასთანავე, ჩვენ  ევროპასთან ასოცირებით არსად არ მივდივართ კავკასიიდან, არსად არ მივდივართ ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი კულტურიდან, პირიქით, ვრჩებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ, კიდევ უფრო გავმდიდრდეთ, კიდევ უფრო მეტად გავიმართოთ წელში  და კიდევ უკეთ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი თავი, ჩვენი კულტურა, ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, ვინც ამის მსურველი იქნება მიუხედავად მათი და ჩვენი არჩევანის სხვადასხვაობისა, ეს აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ვიღვაწებთ იმისთვის, რომ კავკასია იყო მშვიდობიანი და ამას ევროპა მხოლოდ ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მან.

„მინდა მადლობა მოვახსენო ძალიან ბევრ ქართველ პოლიტიკოსს, ხელისუფლების წარმომადგენლს დღევანდელსაც და დღემდე არსებული რამდენიმე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ამ კონკრეტული მიმართულებით ხმაშეწყობილად, ხელიხელჩაკიდებულმა ვიშრომეთ; აი ასეთი ერთიანობაა აუცილებელი ევროპული საზოგადოების და ევროპული სახელმწიფოს შექმნისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა და მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და პრეზიდენტ მარგველაშვილს.

„მაგრამ შრომა ახლა იწყება მთავრობისთვისაც, პარლამენტისთვისაც, ხელისუფლებისთვისაც  და მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და ჩვენ ყველა ერთად თავს გავართმევთ ამ ძალიან მძიმე და საპატიო შრომას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა მიულოცა „ჩვენ ძმებს უკრაინაში და ჩვენ ძმებს მოლდოვაში“.   

„ისინიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს იმისთვის, რომ იშრომა ამ მიღწევისთვის; მე მინდა მადლობა ვუთხრა მთავრობას იმისთვის, რომ იბრძოლა ამ მიღწევისთვის იმიტომ, რომ მათი მუშაობა ამ გზაზე ნამდვილად დადებითად არის შესაფასებელი და ჩვენ უნდა დავუფასოთ მათ ეს მუშაობა. მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც მიაღწია ამას ყველაფერს და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას იმიტომ, რომ ძალიან სწორი აქცენტები მოგვცა ამ გზაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა და ასევე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას: „ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვიქნები მომავალი გამარჯვებებისკენ“.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)