ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებაში გაკეთებულ განცხადებებში „კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა“, რაზეც მათ ცესკოს საკითხის შესწავლისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისაკენ მოუწოდეს.
მეუფე იაკობმა 6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ამომრჩეველებს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა „უარი უთხრან“ იმ ადამიანებს, რომლებიც „არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას“. მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები „ცოტა ხანი გვერდზე უნდა გადგნენ“ და სხვას დაუთმონ გზა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი პირდაპირ უკრძალავს რელიგიური ორგანიზაციებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას, რაც გულისხმობს ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თავიანთ ერთობლივ საჯარო განცხადებაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებისთვის ქორეპისკოპოსი უნდა აღიქმებოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ქორეპისკოპოსს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის მოადგილეა, გააჩნია ის სტატუსი, რომ ეკლესია სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგინოს.
„რელიგიური ორგანიზაციების ლიდერების საჯარო გამოსვლა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკვირაო ქადაგება, თავის თავში მოიცავს ამომრჩეველთან კომუნიკაციის კომპონენტს და წარმოადგენს საჯარო მოქმედებას, მით უფრო როდესაც ის ფართოდ შუქდება მედია საშულებების მიერ. შესაბამისად, ქორეპისკოპოსის საჯარო მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, აღქმულ უნდა იქნეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ აგიტაციად, რომელიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით“, – ნათქვამია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 8 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
„საარჩევნო კოდექსის ამკრძალავი ნორმა, რომელიც მკაცრად ადგენს საარჩევნო აგიტაციის აკრძალვის მოთხოვნას სუბიექტთა განსაზღვრულ წრის მიმართ, მიზნად ისახავს დაიცვას საარჩევნო პროცესი სასულიერო პირების ზეგავლენისგან, რისი ალბათობაც დიდია რელიგიური ორგანიზაციების მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით. საარჩევნო პროცესის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული და სეკულარული სახელწიფოს განვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოთხი ორგანიზაცია მოუწოდებს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველი ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან და იმავდროულად, საჯაროდ მიმართავს ცესკოს „შეისწავლოს ქორეპისკოპოსი იაკობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით მონაწილეობის ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა რეაგირებას მოახდენს ცესკო ამ მოწოდებაზე.
საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის კანონის დარღვევით მიღება 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი დაელოდებიან ცესკოს რეაგირებას მათ საჯარო განცხადებაზე და ამის მიხედვით დასახავენ მოქმედებათა შემდგომ ტაქტიკას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)