Site icon Civil.ge

უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი მოუწოდებს პარლამენტს არ მოახდინოს ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზაცია

უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფი მოუწოდებს პარლამენტს არ მიიღოს მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ის ცვლილება, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზაციას ისახავს მიზნად, რადგან თავდაპირველი ფორმულირების შეცვლის მიუხედევად, დაგეგმილი ნორმა „კვლავ შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს გამოხატვის თავისუფლების კუთხით“.

თუ შსს-ის ავტორობით მომზადებულ თავდაპირველ პროექტში საუბარი იყო „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებების“ დასჯის სადავო დებულებაზე, პირველი მოსმენით განხილულ ვარიანტში ორ წლამდე პატიმრობით დასჯადი ხდება „მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების „აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ ქმნის. ამ ნორმით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით დაისჯება.

კანონპროექტი, რომლის გადამუშავებაც პარლამენტში შექმნილ იმ სამუშაო ჯგუფში მოხდა, რომელშიც განცხადების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათივე ინფორმაციით, არ ყოფილან ჩართულები,  პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 15 აპრილს განიხილა; პირველი მოსმენით მისი კენჭისყრაზე დაყენება 17 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა კენჭისყრა პლენარული სხდომის ჩაშლის გამო გადაიდო.

ახალი ნორმის მიღების წინააღმდეგ, იმის მიუხედევად, "თუ რა შინაარსობრივ ცვლილებებს განიცდის იგი", პარლამენტს 11 უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; იდენტობა; ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და მედიის განვითარების ფონდი.

„აუცილებლად მივიჩნევთ, ნაცვლად ახალი რეგულაციის შემუშავებისა, სახელმწიფომ გაატაროს ეფექტური პოლიტიკა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმების სათანადო აღსრულების მიზნით, კერძოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურად გამოძიებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების განუხრელად დაცვის კუთხით“, – ნათქვამია 17 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

უფლებადამცველთა ჯგუფი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს პოლიტიკა  უმცირესობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ „დემონსტრაციულად არაეფექტურია“, რადგან ის „ავლენს აბსოლუტურ პასიურობას დარღვეული უფლებების აღდგენისა და პრევენციის“ კუთხით, „ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაწესების მიზანი დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვაა, ძალიან დაბალია“.

„მეტიც, სახელმწიფოს მიერ დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და გაბატონებული მორალის მიმართ გამოვლენილი ღია ლოიალობა და აცდენა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპისგან, ამ შემთხვევაში, დისკრიმინირებული ჯგუფების დაცვის ინტერესის არსებობას არადამაჯერებელს ხდის. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს კანონპროექტის მიმართ იმ ჯგუფების ღია მხარდაჭერაც, რომლებიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას უჭერენ მხარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნორმის გამოყენების კონტექსტთან ერთად, უფლებადამცველები ასევე მიუთითებენ იმ „რისკებზე“, რასაც „მისი კონცეფცია და ნორმის ტექსტის ბუნდოვანება წარმოშობს“.

„ნორმაში გამოყენებული ტერმინები „ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდება“, კონკრეტული ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის „განხეთქილების ჩამოგდება“ ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და მისი თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას ტოვებს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ნორმა სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აჩენს შესაძლებლობას სახელმწიფოს მხრიდან დამსჯელობითი ღონისძიებების გატარებისა. ნორმის ტექსტი მტრული, დისკრიმინაციული და ძალადობრივი მოპყრობისგან დაცვის ობიექტად არა უშუალოდ მოწყვლად ჯგუფებს განიხილავს, როგორც ამას რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტები ადგენს, არამედ  ითვალისწინებს ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების ბუნდოვან მოწესრიგებას, რაც ჩვენი შეფასებით ავლენს კანონპროექტის ავტორების ნამდვილ განზრახვას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრზე გაუმართლებელი შეზღუდვა დააწესოს.ნორმის შესაბამის ორგანოთა მხრიდან ბოროტად გამოყენებასა თუ მის არასწორ ინტერპრეტირებას გააჩნია რისკი შეზღუდოს მედიის წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციათა, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფთა და პოლიტიკურ ოპონენტთა გამოხატვის თავისუფლება, რაც ამთავითვე ნეგატიურად უნდა შეფასდეს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისა და ღია საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. მით უფრო, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მედია საშუალებების და სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციის სანქციას ითვალისწინებს, რაც არაპროპორციულად მაღალი სასჯელია“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ აღნიშნა საპარლამენტო განხილვის დროს, რომ ახალი რეგულაცია არანაირად არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მისი მიზანია „საზოგადოებაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)