Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კემერონისა და  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ბრატისლავაში, 2015 წლის 19 ივნისი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კემერონს შეხვდა 19 ივნისს, ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კემერონმა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, რასაც სულ ცოტა 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მწუხარება გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული "მჭიდრო" პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს; ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო.

„საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კემერონს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. ხაზგასმით აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მკაფიო განცხადებები და პოზიცია, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ „ხელშეკრულებების“  დაუშვებლობის შესახებ“, – იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

ამავე ცნობით, შეხვედრის დროს „აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა  ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში, რაც ხელს უწყობს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებას“.

„დევიდ კემერონმა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციისა და უელსის ნატო-ს სამიტის არსებითი პაკეტის ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში დახმარება აღუთქვა“, – იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გახსნა და ასევე დაგეგმილი აქვს რიგი ორმხრივი შეხვედრები.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდება  მასპინძელი ქვეყნის, სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას, ხორვატ და პოლონელ კოლეგებს, შესაბამისად, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩსა და ბრონისლავ კომოროვსკის, ასევე მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს მილო ძუკანოვიჩს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტ მარგველაშვილის ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)