Site icon Civil.ge

ღარიბაშვილის კომენტარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე დავის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროცესის „დრამტიზებისა“ და „პოლიტიზირების“ წინააღმდეგ მოუწოდა.

მან განაცხადა, რომ „არ არის საინტერესო“, თუ ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის მფლობელი და მთავარი საკითხია, რომ ზოგადად მედია და ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტები იყვნენ დაცულნი; ტალინში ვიზიტად მყოფმა პრემიერმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ უარყო მთავრობის ჩართულობა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ წარმართულ "კერძო" დავაში.

„მე საქმის დეტალებს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ თვეებია გრძელდება დავა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. არათუ თვეებია, არამედ წლებია –  მე ვიცი, რომ წლების განმავლობაში ოცჯერ შეიცვლა „რუსთავი 2“-ის მფლობელი.  ასე რომ, ჩემთვის მართლაც არ არის საინტერესო, ვინ იქნება რეალური მფლობელი „რუსთავი 2“-ის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩემთვის არის მთავარი თქვენ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყოთ დაცული – ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო ვაცხადებთ, რომ იქნებით აბსოლუტურად დაცულნი“, – აღნიშნა მან.

„მეორე, ჩემთვის რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად დაცული საქართველოში, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მედია თავისუფლების შეზღუდვა“. 

„და მესამე“, – განაგრძო მან, „ეს არის დავა ორ კერძო სუბიექტს შორის, ჩვენი ჩართულობა ამ დავაში არის აბსოლუტურად გამორიცხული“.

„ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე დემოკრატიულ, ცივილიზებულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვაქვს უფლება მთავრობას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაიმე კომენტარი გამოვთქვათ. შეიძლება მოგვწონდეს და შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, ვალდებული ვართ დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ გაასაჩივრონ“, – აღნიშნა მან და ამ კონტექსტში ახსენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც სამოქალაქო საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება შეჩერდა.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ… ["რუსთავი 2"-ის საქმემ] სამივე ინსტანცია გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ აღსრულდეს. ასე რომ, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ არ არის საჭირო ზედმეტი დრამატიზება ამ ყველაფრის და ამ პროცესის პოლიტიზება“, – განაცხადა მან.

შემდეგ მან „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მიმართა: „თქვენ ხართ ძალიან პროფესიონალები. მე მინდა აქვე ღიად დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენდამი, ვინაიდან თქვენ მართლაც გამორჩეულად, ისე როგორც სხვები, სხვა ჟურნალისტები, აშუქებთ მოვლენებს საქართველოში“.

„მაგრამ დაუშვებელია ჟურნალისტების და მედია საშუალებების პოლიტიზება და ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მაქსიმალურად მედიის პოლიტიზებისგან. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ არ მოხდეს მედიის პოლიტიზება და ჟურნალისტების პოლიტიზება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება და თქვენი სიმპათიები, მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი პირადი სიმპათიები, თქვენი შეხედულება უნდა იყოს. მე, რა თქმა უნდა, ვერ დაგაძალებთ, რომ იყოთ მხარდამჭერი ქართული ოცნების ან პირადად ჩემი, ჩვენი მთავრობის, მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ გააკეთოთ თქვენი საქმე ისე, როგორც აკეთებთ“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან კომენტარში.

ამის შემდეგ ღარიბაშვილმა საუბარი განაგრძო იმ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც ექს-პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე მიუთითებს თანამოსაუბრეებს, მათ შორის ბარიკადების მოწყობის გზით,  მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“. 29 ოქტომბერს ინტერნეტით ამ საუბრების გავრცელებას ასევე მოყვა 2 ნოემბერს და 3 ნოემბერს სააკაშვილის, დაახლოებით, მსგავსი ახალი საუბრების გამოქვეყნება.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ვართ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არცერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერ ნებისმიერი სხვა მოქალაქე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა იმ ჩანაწერების კომენტირებისას, რომელთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)