6 ნოემბერს საერთაშორისო რეაქციის ფარგლებში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მმართველების შეცვლაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოყვა; ეს განჩინება ასევე დაგმეს საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა, სახალხო დამცველის ოფისმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა და აქტივისტებმა.
აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადება:
ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად გამოხატავს შეშფოთებას რუსთავი 2-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და რუსთავი 2-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით.
ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისაგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს.
მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.
გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს.
Freedom House–ის განცხადება:
„რუსთავი 2“–ის ახალი მმართველების დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაა და ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. მთავრობა არღვევს ამომრჩევლისთვის მიცემულ იმ დანაპირებს, რომ მის წინამორბედზე უფრო მაღალი სტანდარტებით დაიცავდა კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის პრესის თავისუფლების დაცვის საქმეში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს ჩარევა მედიის საქმეებში.
აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადება:
აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.
ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადება ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში:
გვესმის, რომ „რუსთავი 2“–ის საქმეს, მისი მსვლელობის ფონზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და პირველ რიგში, მედია პლურალიზმის პატივისცემის კუთხით და ასევე ვიტყოდი, რომ მას ასევე აქვს დატვირთვა ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს.
ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადება, რომელსაც თბილისში გაეროს ოფისი თავმჯდომარეობს:
ელჩების სამუშაო ჯგუფს სურს შეშფოთება გამოთქვას ზოგადად ქართულ მედიასთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო. ვინაიდან საქართველომ პირობა დადო, რომ კანონის უზენაესობის და კარგი მმართველობის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების პატივისცემას გააძლიერებს, ასევე მედიის დამოუკიდებლობას და პროფესიონალიზმს გაამყარებს, დარწმუნებული ვართ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის გარემოს.
ელჩების სამუშაო ჯგუფი მშვიდობიანი დიალოგისკენ მოუწოდებს „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავის მოსაგვარებლად, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი სამართლებრივი პროცესის დაცვა, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩარევისგან. ვადასტურებთ მედიის თავისუფლების და პოლიტიკური პლურალიზმის დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მნიშვნელობას საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის განცხადება:
სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს საინფორმაციო სამსახურებში და არა სასამართლოებში. სასამართლოების მცდელობები, რომ უკანონო გავლენა მოახდინონ მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე სხვა არაფერია, თუ არა კანონის უზენაესობის და საზოგადოების დემოკრატიული ფუნდამენტის შელახვა. მოვუწოდებ სასამართლო სისტემას, რომ სრული პატივისცემა გამოიჩინოს „რუსთავი 2“–ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლების მიმართ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანამომხსენებლების განცხადება:
[დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე სასამართლოს] გადაწყვეტილება რეალურად „რუსთავი 2“–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საშუალებას იძლევა მაშინ, როცა გასაჩივრების პროცესი მიმდინარეობს. ეს გადაჭარბებულ გავლენას ახდენს საქართველოში მედია გარემოს პლურალიზმზე. მართალია არ გვინდა ჩვენი შეხედულება გამოვხატოთ საკუთრების დაცვის საქმის არსებით განხილვაზე, თუმცა ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ საქართველოს მედია გარემოში პლურალიზმი გარანტირებული უნდა იქნას.ამას გარდა, თბილისის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება, სულისკვეთებით მაინც, საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოს განაჩენების დაუყოვნებლივი აღსრულება შეჩერებულია იმ დროს, როდესაც გასაჩივრების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ღრმად ვართ შეშფოთებულნი ამ გადაწყვეტილების შედეგების გამო და ასევე იმ კითხვების გამო, რომლებიც ამის შედეგად სასამართლო პროცესის შესახებ ჩნდება.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი:
საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზე გადადის. არ არსებობს დემოკრატია, როდესაც მედიის თავისუფლება მცირდება და ტელეკომპანიების უკანონოდ წართმევა ხდება. დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია ფუნდამენტური ევროპული უფლებაა, რაც აუცილებელია გამჭირვალე და თავისუფალ საზოგადოებაში. სარედაქციო დამოუკიდებლობა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების გარანტია, არამედ მთავრობების ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების პატივისცემა. შერჩევითი სამართალი, რომელიც მთავრობის ინტერესებს ემსახურება, საქართველოს მომავალს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებას საფრთხეს უქმნის. საჭიროა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო მეტად იქნას უზრუნველყოფილი პოლიტიკური კონკურენცია და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)