Site icon Civil.ge

საერთაშორისო გამჭირვალობის თავდაცვის ანტიკორუფციულ ინდექსში საქართველომ პროგრესს მიაღწია

"საერთაშორისო გამჭირვალობის" 2015 წლის თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით, საქართველო თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში კორუფციის „საშუალო“ რისკის წინაშე დგას.

საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა 2013 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ წინა ანგარიშთან შედარებით, როცა საქართველო კორუფციის „მაღალი“ რისკის ქვეყნების კატეგორიაში შედიოდა.

"საერთაშორისო გამჭირვალობის" ახალი ანგარიში კორუფციის რისკის დონეს  72 ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აფასებს.

თითოეული ქვეყანა განთავსებულია კატეგორიაში A-დან  F–მდე, სადაც პირველი ნიშნავს „ძალზე დაბალ“ რისკს, ხოლო ბოლო „ძალზე მაღალ“ რისკს.

საქართველომ, რომელიც წინა ანგარიშში D კატეგორიაში იყო მოქცეული, ახლა C კატეგორიაში დაწინაურდა, რაც „საშუალო“ რისკს გულისხმობს.

ამავე C  კატეგორიაში შევიდნენ ასევე: არგენტინა, ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, მექსიკა, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ესპანეთი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია 2014 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანტიკორუფციული გეგმით განსაზღვრული ზომების განხორციელებაში.

ანგარიში აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო „უფრო გამჭვირვალე“ გახდა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა თავდაცვის ბიუჯეტის უფრო მეტი დეტალის გასაჯაროება.  

ინდექსში საქართველოს უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს „პირადი შემადგენლობის“ მიმართულებით, სადაც კვლევამ კორუფციის რისკი შეაფასა, როგორც „დაბალი“.

„თუმცა, ასევე შეინიშნება ტემპის კლება, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების დაგვიანებით დასტურდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნავს რა „მნიშვნელოვან წინსვლას“ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების გამჭირვალობის კუთხით, რაც ასევე უკავშირდება ღია ტენდერების მნიშვნელოვნად ზრდას, ანგარიში აცხადებს, რომ შესყიდვები მაინც „მაღალი რისკის“ სფეროდ რჩება კორუფციისთვის.

ანგარიშის თანახმად, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი „უფრო აქტიურად ამოწმებს თავდაცვის პოლიტიკას და ხარჯებს“. თუმცა ასევე ნათქვამია, რომ კვლავ გამოწვევად რჩება „ძლიერი საპარლამენტო კონტროლის“ არ არსებობა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მართალია თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული ქმედებები განახორციელა მხილების წასახალისებლად, მაგრამ „ჯერაც არ შექმნილა მამხილებელთა დაცვის შიდა პროცედურები“.

„ეს მნიშვნელოვანია ხარვეზია. მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს დაეყრდნოს უკვე გადადგმულ ნაბიჯებს და პრიორიტეტის სახით მამხილებელთა აქტიური დაცვის მექანიზმი დანერგოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)