ანკარამ თბილისთან „შეშფოთება“ გამოხატა აშშ–ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული სკოლების საქართველოში ფუნქციონირების გამო. სწორედ მის მიმდევრებს ადანაშაულებს თურქეთი სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობაში.
„ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ 18 ივლისს.
„როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.
თურქმა დიპლომატმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ორი დღის წინ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
თურქეთში უშედეგო გადატრიალებაზე და ანკარას ოფიციალურ პოზიციაზე საუბრისას, რომელიც გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს, გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა 16 ივლისს ბათუმის ორ ტელეკომპანიასთან „ტვ 25“-თან და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაკეთებულ კომენტარში, რომ გიულენის მოძრაობის მიმდევრები „აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს საკუთარი სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას და სამწუხაროდ, ამ დაჯგუფების სკოლები საქართველოშიც არის“.
მან კონკრეტულად დაასახელა რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელიც ბათუმში დაახლოებით 20 წლის წინ გაიხსნა და მოუწოდა ქართველ მშობლებს, რომ შვილები ამ სკოლაში არ მიიყვანონ.
კონსულმა თემიზქანმა ასევე განაცხადა, რომ თურქული მხარე მალე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, რომ დახუროს გიულენთან ასოცირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში.
ამ განცხადებას სკოლის მასწავლებლების და კურსდამთავრებულების გამოხმაურება მოყვა, რომელთაც საპასუხოდ განაცხადეს, რომ ისინი შეურაცხყოფილები არიან ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ამ უსაფუძვლო ბრალდების გამო.
18 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ მედიამ კონსულის განცხადების „არასწორი ინტერპრეტაცია“ მისცა.
„ჩვენ ეს–ესაა გვქონდა კარგი შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან, გიგი გიგიაძესთან, გუშინ ბათუმში ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით, და მე მას ვუთხარი, რომ ბათუმში ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი მედიაში“, – განაცხადა ელჩმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ამ სკოლის კურსდამთავრებულები არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა. მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო“, – განაცხადა მან.
ბათუმის ორივე მაუწყებელმა, რომელთაც კონსულის განცხადება გაუშვეს, უარყვეს ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაციის ბრალდება და გენერალური კონსულის ჟურნალისტებთან საუბრის სრული ვიდეო გაავრცელეს. დიპლომატი ჟურნალისტებთან თურქულად საუბრობს საკონსულოს თარჯიმნის დახმარებით.
დაურედაქტირებელ ვიდეოზე ასევე ასახულია, რომ სკოლის თაობაზე ბრალდების გაჟღერებისას, ერთ–ერთი ჟურნალისტი ეუბნება გენერალურ კონსულს, რომ ეს სერიოზული ბრალდებაა და სთხოვს მას დეტალურ განმარტებას. კონსული პასუხობს, რომ მან ეს ახსენა როგორც დამატებითი (background) ინფორმაცია და სთხოვა ჟურნალისტებს, რომ თავის შეეკავებინათ მისი ახლა გამოყენებისგან, რადგანაც თურქული მხარე მოგვიანებით ცალკე განცხადების გაკეთებას აპირებდა გიულენთან ასოცირებული სკოლების საკითხზე.
რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ელგუჯა დავითაძემ უარყო კონსულის ბრალდება და მას სრული აბსურდი უწოდა. მისი თქმით, სკოლაში სწავლება საქართველოს სახელმწიფო პროგრამით ხდება. ექვსივე კერძო სკოლამ, მათ შორის შაჰინის სახელობის სკოლამ, რომლებიც ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედიან საქართველოში, ერთობლივ განცხადებაში დაგმეს თურქეთის კონსულის განცხადება.
საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა 18 ივლისს, რომ გიულენთან ასოცირებული სკოლები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არიან აკრედიტირებული და იქ არსებული საგანმანათლებლო კურსები საქართველოს სახელმწიფო სასწავლო პროგრამას შეესაბამება. მან ასევე განაცხადა, რომ დღესდღეობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც გაამყარებდა ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ამ სკოლებს რაიმე უკანონო საქმიანობასთან აქვთ კავშირი.
ჯეჯელავამ ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი 19 ივლისს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ანკარაში ვიზიტის დროსაც განიხილება.
თავის მოკლე კომენტარში ამ საკითხზე, პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა 18 ივლისს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოახდინა რეაგირება და მისი აზრით, გაუგებრობა უკვე მოგვარებულია.
პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტი გადატრიალების უშედეგო მცდელობამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.
საქართველო–თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი მაღალი დონის შეხვედრა ანკარაში 19 ივლისს გაიმართება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში თურქეთის და საქართველოს პრემიერ–მინისტრების სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც ვიზიტის წინ შედგა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)