Site icon Civil.ge

12 საათისთვის ამომრჩეველთა 12.71%-მა მისცა ხმა – ცესკო

50 ერთმანდატიან ოლქში საერთო ჯამში რეგისტრირებული 2 478 042 ამომრჩევლის 12.71%-მა მისცა ხმა 12 საათისთვის პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში, იტყობინება ცესკო.

8 ოქტომბრის არჩევნებზე შუადღისთვის ამომრჩეველთა 19.81%-იანი აქტივობა იყო დაფიქსირებული.

ცესკოს ინფორმაციით, აქტივობის მხრივ კვლავ მცხეთის 37-ე ოლქი ლიდერობს, სადაც 12 საათისთვის ამომრჩეველთა 22.7%-მა მისცა ხმა; ყველაზე პასიური კი გორის 41-ე ოლქის ამომრჩეველია 7.2%-იანი აქტივობით.

მეორე ტურები თბილისის 18 ოლქსა და რეგიონების 32 ერთმანდატიან ოლქში მიმდინარეობს, სადაც ძირითადად ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. მეორე ტურში ის კანდიდატი მოიგებს, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, რომელიც კენჭისყრის მიმდინარეობას თავისი დამკვირვებლების მეშვეობით 50-ვე ოლქში ადევნებს თვალს, „კენჭისყრის პროცესი უმეტესწილად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში მიმდინარეობს“ და მნიშვნელოვანი ხასიათის დარღვევებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში აქვს ადგილი, რომელთა დიდი ნაწილიც მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება, სადაც 8 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)