Site icon Civil.ge

კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია რუსულ „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულებაში „საზეიმო არაფერი არ არის“, თუმცა საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მაქსიმალურ შედეგს მიაღწია. 

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ ის შედეგი რაც გვაქვს იმიტომ, რომ საზეიმო არაფერი არ არის და არ ვიცი ვინ წარმოაჩინა ეს. კახი კალაძეს ნამდვილად არ წარმოუჩენია ასე და ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები, მაგრამ იმ კონკრეტულ პირობებში და მოცემულობაში, რომელშიც საქართველო იმყოფება, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მან 20 იანვარს დავოსში, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

„არავიზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე გასაჯაროვდება თუ  არა ხელშეკრულების ტექსტი, კვირიკაშვილმა უპასუხა: „გასაჯაროვდება იმ დოზით რა დოზითაც ეს არის შესაძლებელი და ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისგან არაფერი არ გვაქვს“.

მანამდე  „გაზპრომთან“ დაკავშირებულ მწვავე კრიტიკას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უპასუხა, რომელიც მთავარი მომლაპარაკებელი იყო ახალ სატრანზიტო შეთანხმებაზე. 

18 იანვარს საგანგებო პრესკონფერენციაზე საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ „სწორი და რაციონალური ნაბიჯები“ გადადგა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში და „გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები“ რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის მონეტიზაციის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ „დეზინფორმაციული ისტერიის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

ორწლიანმა ხელშეკრულებამ, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს სომხეთში რუსული გაზის ნაწილობრივ კვლავ ნედლეულით ანაზღაურების ფორმის შენარჩუნებას, რაც 2018 წლიდან სრულად ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება, კრიტიკული კითხვები წარმოშვა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის, ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. 

კალაძის ინფორმაციით, ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით  კომუნიკაცია შედგა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ისე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და „ძალიან სამწუხაროა, რომ გვიწევს… განმარტებების გაკეთება“.

სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების წუხილების საპასუხოდ, რომ ახალი შეთანხმება აუარესებს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას, კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ შეინარჩუნა „ენერგოდამოუკიდებლობის იგივე ხარისხი და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში“. „მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტი“, – განმარტა მან. 

„შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქტი –  არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ ეს მოსახლეობას პირველივე დღეს ვაცნობეთ და ამაზე პოპულისტური ქულების დაწერა ისტერიისა და პოლიტიკური დემაგოგიის ნაწილია ის განცხადებები, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ“, – დასძინა კალაძემ.  

მან ასევე უპასუხა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმადაც ახალი შეთანხმება აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და აზიანებს საქართველოს ინტერესებს. კალაძემ  ამ განცხადებას „არაკვალიფიციური და უარგუმეტო“ უწოდა და დასძინა, რომ სანაცვლოდ პრეზიდენტს შეეძლო შეთანხმების დეტალები ენერგეტიკის სამინისტროსგან გამოეთხოვა.

კალაძემ მთავრობის გადაწყვეტილებას რთული, მაგრამ საჭირო უწოდა და დასძინა, რომ  შეთანხმება მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ იქნა მიღწეული. „ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ „გაზპრომმა“ ჩვენ დაგვიწერა ხელშეკრულება, ამაზე წამოდით და ჩვენ დავთანხმდით – ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე; იყო რამდენიმე შეხვედრა და ბოლოს, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. ახალი ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით“.

ახალ და შარშანდელი ხელშეკრულებების ფინანსურ სხვაობაზე საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ საქართველო ნაკლებ ფინანსურ სარგებელს მიიღებს 2018 წელს, და არა მიმდინარე წელს, როცა ნაწილობრივ ნარჩუნდება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა – აქამდე საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ სომხეთში გატარებული გაზის 10%-ს იტოვებდა. კალაძემ კომერციული საიდუმლოების მოტივით კვლავ  არ გაამხილა ხელშეკრულების ფინანსური დეტალები.

„თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც დეტალები იქნეს გაჟღერებული… მე გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება“, – განაცხადა კალაძემ.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც ასევე დავოსში იმყოფება, ამ თემის კომენტირებისას განაცხადა: „უსაფრთხოების და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ნაწილში ეს არ შეიცავს არანაირ დამატებით საფრთხეს და რისკს, ხოლო საგარეო პოლიტიკური რისკები ნაწილში, ეს გადაწყვეტილება უფრო ამცირებს საგარეო პოლიტიკურ რისკებს, ვიდრე ზრდის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)