ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 13 აპრილს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის საერთაშორისო საქმეთა სკოლაში ალიანსის როლის და მომავლის შესახებ გამართულ შეხვედრაზე გამოსვლისას ნატოში საქართველოს მისწრაფებებსაც შეეხო.
ალიანსის გაფართოების შესახებ ნატოში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენლის და შეხვედრის მოდერატორის, კურტ ვოლკერის კითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 12-13 აპრილს სტუმრობდა, განაცხადა, რომ საქართველო „შთამბეჭდავ რეფორმებს ახორციელებს, დემოკრატიულ ინსტიტუტებს აძლიერებს, თავდაცვითი სტრუქტურების მოდერნიზებას ახდენს და კორუფციას ებრძვის“.
„და ეს ყველაფერი, თუნდაც ნაწილობრივ, საქართველოს ნატოს წევრობისადმი მისწრაფებას უკავშირდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს რეფორმები „კარგია“ საქართველოსთვის, რადგანაც ქვეყანა „ნატოს უახლოვდება“, მაგრამ ნატოსთან დაახლოების მიზანიც რომ არ იყოს, მას „უნდა შეეძლოს კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება“.
საქართველოს, განაგრძო სტოლტენბერგმა, „ორმაგი მიზეზი“ აქვს, რომ რეფორმები განახორციელოს, ვინაიდან „ქვეყანა ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის“. „და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, ნატო მხარს უჭერს მათ ამ რეფორმების პროცესში“.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ „ნატოს კარი ღიაა“ და ნატოს გაფართოება აპლიკანტი ქვეყნისა და 28 ან მალე 29 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია.
„სხვა არავის აქვს უფლება ამაში ჩაერიოს ან განაცხადოს, რომ ისინი არ ეთანხმებიან, რომ ახალი ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)