Site icon Civil.ge

გაერო ცხინვალის რეფერენდუმის გამო ‘წუხილს’ გამოთქვამს

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა „წუხილი“ გამოთქვა 9 აპრილს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რეგიონის „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“ გადარქმევის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის გამო.

11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვების საპასუხოდ სტეფან დუჟარიკმა აღნიშნა, რომ გაერო კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ ხელშესახები პროგრესის მიღწევის საქმეში და თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და ხელი შეუშალონ ამ დისკუსიების მუშაობას“.

„ვწუხვართ ნებისმიერი ამ ტიპის ბოლოდროინდელი ცალმხრივი ქმედებების გამო“, – დასძინა მან.

ამომრჩევლების 80%-მა მხარი დაუჭირა რეგიონის გადარქმევას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიას სახელმწიფოდ“.

რეფერენდუმთან ერთად სეპარატისტული სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა.

სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ნატომ, აზერბაიჯანმა, ესტონეთმა, ფინეთმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ დაგმეს. თავიანთი შეშფოთება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გამოხატეს, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ და გაეროს უშიშროების საბჭომ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)