რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში საელჩოს გახსნის ცერემონიაზე, 18 აპრილი, 2017. ფოტო: გაზეტა ნუჟნაია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთს სტუმრობს, 18 აპრილს სოხუმში რუსეთის „საელჩოს“ ახალი შენობის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ლავროვმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც საელჩოს მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა და აღნიშნა, რომ მისი დიდი მოცულობა „რუსეთის დამოკიდებულებას ასახავს მოძმე, მოკავშირე აფხაზი ხალხის მიმართ“.
ცერემონიაზე სიტყვით ასევე გამოვიდა აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დამყარება „არა მხოლოდ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი და ძირითადი მიმართულება, არამედ ჩვენი ხალხის სასიცოცხლო საჭიროებასაც წარმოადგენს“.
ხაჯიმბამ შემდგომი ნაბიჯების გადადგმის მზადყოფნაც გამოთქვა, რათა „გაძლიერდეს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული განვითარების სფეროებში“. იგი მიესალმა საელჩოს შენობის განხსნის ცერემონიაზე ლავროვის დასწრების ფაქტს.
რუსეთმა სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე კვირაში აღიარა. რუსეთის „საელჩო“ აფხაზეთში 2009 წლის აპრილში გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმო ლავროვის „ვიზიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში და განაცხადა, რომ „იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს“.
რუსეთის, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს გარდა, სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)