პრეზიდენტ მაკრონის საინაუგურაციო სიტყვა
ქალბატონებო, ბატონებო,
წარსულ 7 მაისს, როგორც გახსოვთ, ფრანგებმა აირჩიეს იმედი და წარმატების სულისკვეთება.
მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს ჩვენს საპრეზიდენტო არჩევნებს. ყველგან ისმოდა კითხვა – ნუთუ ფრანგებიც დაემორჩილებიან წარსულის ილუზიას, გამოეთიშებიან მსოფლიოს ფეხისხმას, გაერიდებიან ისტორიულ სცენას, გზას დაუთმობენ ანტიდემოკრატიულ ტალღას, ერის დაყოფის სულისკვეთებას და ამით ზურგს შეაქცევენ განმანათლებლობას?
თუ შეეგებებიან მომავალს, ერთად გადაწყვეტენ ახალი შემართებით სვლას, განამტკიცებენ იმ ღირებულებების რწმენას, რომლებმაც ისინი დიად ერად აქცია?
7 მაისს ფრანგებმა არჩევანი გააკეთეს. მადლობა მათ!
პასუხისმგებლობა, რომელიც მათ მომანიჭეს დიდი პატივია, რომლის სიმძიმესაც მე სრულად ვაცნობიერებ.
მსოფლიოსა და ევროპას დღეს სჭირდება საფრანგეთი ისე, როგორც არასდროს. მათ სჭირდებათ ძლიერი და საკუთარი მომავლის რწმენით აღვსილი საფრანგეთი. საფრანგეთი, რომელიც ხმამაღლა იცავს თავისუფლებისა და სოლიდარობის ღირებულებებს. სჭირდებათ საფრანგეთი, რომელმაც იცის, როგორ შექმნას მომავალი.
მსოფლიოს სჭირდება ის, რასაც ფრანგები ყოველთვის ქადაგებდნენ: თავისუფლება განმტკიცებული სიმამაცით; თანასწორობა, როგორც შინაგანი მოთხოვნილება; ძმობა, განმტკიცებული ნებით.
სავალალოდ, უკვე ათწლეულებია, რაც საფრანგეთი ეჭვებშია შთანთქმული – თვლის, რომ მის კულტურას, სოციალურ მოდელს, სიღრმისეულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება. საფრანგეთი ეჭვობს, გააკეთა კი თავის დროზე სწორი არჩევანი?
სწორედ ამიტომ, ჩემი საპრეზიდენტო მანდატი ორ ამოცანას უპასუხებს.
პირველი ამოცანაა, ფრანგებს დავუბრუნო საკუთარი თავის რწმენა, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც შერყეულია. გარწმუნებთ, ერთი წამითაც არ გამივლია თავში, რომ ეს რწმენა ჯადოსნული ჯოხის აქნევით ფრანგებს 7 მაისს დაუბრუნდა. ჩვენი ძალისხმევა იქნება ნელი, რთული, მაგრამ მისი წარმატებით დასრულება აუცილებელია.
უნდა დავარწმუნო ფრანგები, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც დღეს მსოფლიო ქარების ხშირად საპირისპირო ქროლვით ნაგვემი, თითქოს ჩაძირვის პირასაა, სინამდვილეში საკუთარ მკერდში ატარებს ყოველ სახსარს მსოფლიოს ერების პირველ რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად.
მე დავარწმუნებ თანამემამულეებს, რომ საფრანგეთის სიძლიერე არ გარდასრულა, პირიქით – ჩვენ ვიმყოფებით არაჩვეულებრივი რენესანსის ზღურბლზე, რადგან ჩვენს ხელშია ყველა ის უნარი, რომელიც 21-ე საუკუნის ძლევამოსილ ერს ესაჭიროება.
ამის მისაღწევად, არ გადავუხვევ არც ერთ ვალდებულებას, რომელიც ფრანგების წინაშე ამიღია. ყველა ღონეს ვიხმარ, რაც საფრანგეთის ძლიერებას და კეთილდღეობას დასჭირდება: შრომა გახდება თავისუფალი, საწარმოებს მხარს დავუჭერთ, ინიციატივას – წავახალისებთ.
განათლების კულტურაა ჩვენი წინსვლის საწინდარი, შემოქმედება და სიახლე იქნება ჩემი ქმედების საფუძველი.
ის ფრანგები, ვინც მსოფლიო მდინარებისგან გარიყულად და მივიწყებულად გრძნობენ თავს, უკეთ იქნებიან დაცული. ყოველივე ის, რაც ჩვენი ეროვნული სოლიდარობის ნაწილია, ახალ ყალიბში ჩამოისხმება, თუ საჭიროა – ხელახლა შეიქმნება, გაძლიერდება. ცხოვრებისეული უბედურებების წინაშე დაცულობის თანასწორობა კიდევ უფრონ განმტკიცდება.
ყველაფერი, რაც საფრანგეთს აძლიერებს, რაც გვაძლევს საშუალებას შიშის გარეშე ვიცხოვროთ, კიდევ უფრო განმტკიცდება. რესპუბლიკური ლაისიტე დაცული იქნება, მართლწესრიგის ძალები, ჩვენი უსაფრთხოების აპარატი, ჩვენი არმია თავს საჭიროდ და დაფასებულად იგრძნობს.
ევროპა, რომელიც ჩვენთვის საცოცოცხლოდ აუცილებელია, განმტკიცდება, ახალ სიცოცხლეს შეიძენს, რადგან სწორედ ის გვიცავს ჩვენ და გვაძლევს საშუალებას ჩვენი ღირებულებები მსოფლიოს მივაწოდოთ.
ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რომლებსაც მრავალი აკრიტიკებს, უნდა დაიბრუნონ ეფექტურობა, რომელიც მათ მუდმივობას უზრუნველყოფს. მე მწამს მეხუთე რესპუბლიკის ინსტიტუტებისა და ჩემს ძალაუფლებაში არსებული საშუალებებით ყველაფერს ვიღონებ იმისათვის, რომ ისინი შექმნისას შთაბერილი სულისკვეთებით მუშაობდნენ. ამისათვის, ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობა უნდა დაიბრუნოს. ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. ამ ხმას უნდა უსმენდნენ.
ამ ბრძოლაში, ყოველი თქვენთაგანი მჭირდება. რესპუბლიკა მოუხმობს ყველა ელიტის პასუხისმგებლობის გრძნობას – პოლიტკურის, ეკონომიკურის, სოციალურის, რელიგიურის – ყველასი, ვინც შეადგენს ფრანგულ ნაციას. გაქვავებული ჩვევებისა და პოზიციების უკან თავს ვეღარ შევაფარებთ. უნდა ვეძიოთ და ვიპოვოთ უფრო ღრმა მიზანი, ღირსება იმისა, რაც გვაერთიანებს: ვიმოქმედოთ სამართლიანად და ეფექტურად ჩვენი ხალხისათვის.
საფრანგეთი ვერ იქნება ძლიერი, თუ არა გვაქვს კეთილდღეობა. საფრანგეთი ვერ იქნება მაგალითი მსოფლიოსათვის, თუკი ის არაა სამაგალითო.
ეს ჩემი მეორე ამოცანაა.
თუკი ფრანგებს დავუბრუნებთ მომავლის რწმენას და საკუთარი თავით სიამაყეს, მთელი მსოფლიო ყურს მიაპყრობს საფრანგეთის სიტყვებს.
თუკი შევძლებთ ერთად გავუმკლავდეთ ჩვენს შიშებს, ყველანი ერთად შევქმნით მაგალითს ხალხისა, რომელმაც იცის, როგორ დაიცვას თავისი ღირებულებები და თავისი პრინციპები – ეს დემოკრატიისა და რესპუბლიკის პრინციპებია.
ჩემი წინამორბედების ძალისხმევა ამ მხრივ გამორჩეული იყო და მინდა მივესალმო მათ წარმატებებს.
მე ვიხსენებ გენერალ დე გოლს, რომელმაც ფეხზე წამოაყენა საფრანგეთი და ერთა შორის საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა მას.
მე ვიხსენებ ჟორჟ პომპიდუს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოწინავე ინდისტრიულ სახელმწიფოდ აქცია.
ვალერი ჟისკარ დ’ესტენს, რომელმაც საფრანგეთი და მისი საზოგადოება თანამედროვე ეპოქაში შეიყვანა.
ფრანსუა მიტერანს, რომელმაც ფრანგული ოცნება ევროპულ ოცნებას შეუსაბამა.
ჟაკ შირაკს, რომელმაც ჩვენი ერი წარმოაჩინა ქვეყანად, რომელსაც შეუძლია ომის დამქაშებისათვის უარის თქმა.
ნიკოლა სარკოზის, რომელმაც თავისი უშრეტი ენერგია მოახმარა ფინასური კრიზისის დაძლევას.
და ბუნებრივია, ვფიქრობ ფრანსუა ოლანდზე, რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარების სათავეში მოექცა პარიზის შეთანხმებით და ჩვენს ქვეყანას იცავდა ტერორიზმის მსოფლიო მასშტაბის საფრთხის წინაშე.
მათი ძალისხმევა – განსაკუთრებით უკანასკნელ ათწლეულებში – ხშირად ფერხდებოდა სულისშემხუთველი შიდაპოლიტიკური კლიმატის გამო, ფრანგების იმედგაცრუების გამო, რადგან ბევრი თავს უსამართლოდ დაჩაგრულად, დამცრობილად, დავიწყებულად მიიჩნევდა. საფრანგეთის სათქმელი მსოფლიო ასპარეზზე ხშირად სუსტდებოდა შიდა სახელმწიფო ვითარებით, შფოთვით და ზოგჯერ ამბოხითაც კი.
მოვიდა დღე, ქალბატონებო და ბატონებო, რომ საფრანგეთი მოწოდების სიმაღლეზე დადგეს. უნდა გადავლახოთ ის დაყოფა, ის ბზარები რომლებიც ჩვენს საზოგადოებას გაუჩნდა, იქნება ისინი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური თუ მორალური. რადგან მსოფლიო ამას მოელის ჩვენგან – ვიყოთ ძლიერი, მტკიცე და შორს გამხედველი.
საფრანგეთის საკაცობრიო მისია წარჩინებულია. როცა კი საჭირო შეიქმნება, ვიქნებით მზად ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენი დროის დიდი კრიზისების გადაწყვეტაში. ეს შეეხება მიგრაციის კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, ავტორიტარულ ტენდენციებს, მსოფლიო კაპიტალიზმის გადაცდომებს და, რასაკვირველია, ტერორიზმს. დღეს აღარ არსებობს კრიზისი, რომელიც ზოგ ქვეყანას ეწვევა და სხვებს კი გვერდს აუვლის. ყველანი ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ყველანი მეზობლები ვართ.
საფრანგეთი ყოველთვის იდგება თავისუფლების, ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, მაგრამ ყოველთვის გრძელვადიანი მშვიდობის ასაშენებლად.
ჩვენი როლი უზარმაზარია: შევასწოროთ მსოფლიოს მდინარების უკიდურესობები, ვიფხიზლოთ თავისუფლების დასაცავად. ესაა ჩვენი მისია. მის შესასრულებლად გვჭირდება უფრო ეფექტური, უფრო დემოკრატიული, უფრო პოლიტიკური ევროპა, რადგან ისაა ჩვენი ძლიერების და ჩვენი სუვერენიტეტის ინსტრუმენტი. ვიშრომებ ასეთი ევროპის შესაქმნელად.
გეოგრაფიული მანძილები შემცირდა, ხოლო დროის მდინარება აჩქარდა. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც განსაზღვრავს საფრანგეთის ბედს მომავალ ათწლეულებში. ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ ამ თაობისთვის, არმედ მომავალი თაობებისთვისაც. ჩვენ, ყველანი ვწყვეტთ დღეს და ახლა, თუ როგორ მსოფლიოში იცხოვრებენ მომავალი თაობები. ეს ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.
უნდა ავაშენოთ მსოფლიო, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ახალგაზრდობა.
მე ვიცი, რომ ამ წუთებში ფრანგები ჩემგან ბევრს მოელიან. მართალიც არიან, რადგან მანდატი, რომელიც მათ მომანიჭეს, მათ აძლევს აბსოლუტურ უფლებას პასუხი მომთხოვონ მის აღსრულებაზე. ამას სრულად ვაცნობიერებ.
არაფერს დავთმობ იმიტომ, რომ უფრო ადვილი გზა ავირჩიო, კომპრომისებს არ შევწირავ ჩვენს მიზანს. ვერაფერი შეასუსტებს ჩემს ნებას. ვერაფერი მაიძულებს უარი ვთქვა საფრანგეთის უზენაესი ინტერესებს დაცვაზე ყოველთვის და ყველგან.
ამავე დროს, ჩემს სრულ ნებას მივმართავ ფრანგების ერთიანობის და შერიგების მისაღწევად.
ის ნდობა, რომელიც ფრანგებმა მე გამომიცხადეს უდიდესი ენერგიით მავსებს. ჩემს ქმედებებს განამტკიცებს შინაგანი რწმენა, რომ ერთად დავწერთ ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ულამაზეს ფურცელს.
ისეთ მომენტებში, როდესაც თითქოს ყველაფერი განწირული იყო, ფრანგ ერს ყოველთვის უპოვია ენერგია, შეგნება და ერთობის სული ღრმა ცვლილებების განსახორციელებლად.
დღესაც ასეთი დღეები გვიდგას. ამ მისიის შესასრულებლად, მზად ვარ თავმდაბლობით ვემსახურო ჩვენს ხალხს.
ვიცი, რომ შემიძლია მქონდეს ყველა ჩვენი თანამემამულის იმედი ამ მნიშვნელოვანი და აღმაფრთოვანებელი ამოცანის შესრულებისას.
მე რაც შემეხება, ამ საღამოდან ვარ სამუშაო ადგილზე.
დიდება რესპუბლიკას. დიდება საფრანგეთს.