ორბანი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ხურავს

4 აპრილს უნგრეთის პარლამენტმა 123 მომხრით 38-ის წინააღმდეგ დაამტკიცა პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანის (Viktor Orbán) მმართველი პარტიის, ფიდეშის (Fidesz) საკანონმდებლო ინიციატივა, ე.წ. Lex CEU. შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრიდან ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU/ცეუ) ბუდაპეშტში მუშაობას ვეღარ განაგრძობს.

პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატიცის მიხედვით, ევროკავშირის გარეთ რეგისტრირებულ უნივერსიტეტებს, რომლებიც უნგრეთში დიპლომს გასცემენ, საკუთარ ქვეყანაში საუნივერსიტეტო კამპუსის უნდა ჰქონდეთ. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც 1991 წელს უნგრული წარმოშობის ფილნატროპმა ჯორჯ სოროსმა ამერიკაში დააფუძნა, ნიუ-იორკშია რეგისტრირებული მაგრამ იქ საკუთარი კამპუსი არ გააჩნია. კანონპროექტის მიხედვით, თუკი უნივერსიტეტს უნგრეთში მუშაობის გაგრძლება სურს, 2018 წლის 15 თებერვლამდე აშშ-ში სასწავლო კამპუსი უნდა გახსნას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

უნგრეთში კიდევ 27 უნივერსიტეტია, რომლებიც ევროკავშირის გარეთ არიან დაფუძნებული, მაგრამ ისინი კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და ამდენათ დახურვა არ ემუქრებათ. შესაბამისად, კანონი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტზე მიზანმიმართული თავდასხმაა, რაც ორბანის ევროპელი კრიტიკოსების მიერ უნგერთის ხელისუფლების მიერ ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევა.

ჯერ კიდევ იანვარში, პარტია ფიდეშმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შეიტანა, რითაც ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ უნგრეთში მოღვაწე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მუშაობა უნდა აეკრძალა. პარლამენტში ეს წინადადება ჯერ კიდევ განიხილება.

უნგრეთის ლიდერსა და ჯორჯ სოროსს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაიძაბა. უკვე წლებია, რაც სოროსი ქვეყნის ლიდერს და მის მმართველობას მკაცრად აკრიტიკებს. უკანასკნელ ხანებში, მან ორბანის ანტიიმიგრაციული პოლიტიკა და უნგრეთის სამხრეთ საზღვრებზე ლტოლვილების დასაბრკოლებლად მავთულხლართების გავლება დაგმო.

მთავრობის არგუმენტები

მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივას კავშირი არ აქვს სოროსთან ან CEU-სთან. მათი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული უნივერსიტეტები უნგრული საკანონმდებლო სივრცის მიღმა არ უნდა მუშაობდნენ.

პრემიერი ორბანი ამბობს, უნგრეთი სუვერენული ქვეყანაა და მის კანონებზე მაღლა ვერავინ, მათ შორის ვერც მილიარდერი და მისი უნივერსიტეტი ვერ დადგებაო. ის ამტკიცებს, CEU უნგრულ უნივერსიტეტებთან შედარებით უპირატესობებით სარგებლობს, ეს კი უსამართლობაა. ორბანის თქმით, მისი ხელისუფლება განათლების სფეროს ყოველთვის დაეხმარება – ოღონდ სამართლიანად. საინტერესოა, რომ 1989 წელს თავად ორბანმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სწორედ CEU-ის სტიპენდიით ისწავლა.

საკანონმდებლო ინიციატივით, ასევე საფრთხე ემუქრება CEU-ში მომუშავე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის არმქონე მოსამსახურეებსაც, რომელსაც უნივერსიტეტში სამუშაოდ ადრე ნებართვა არ სჭირდებოდათ.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, CEU-ს არსებობის გახანგრძლივება უნგრეთისა და აშშ-ის მთავრობებს შორის შეთანხებაზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია,რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ჯორჯ სოროსის კრიტიკით გამოირჩევა. ტრამპი სოროსს დემოკრატიული პარტიის დონორად და „ძალაუფლების გლობალური სტრუქტურის” ნაწილად მოიხსენიებს, რომელიც მისი თქმით „მუშათა კლასს ძარცვავს”.

უნივერსტიტეტის პოზიცია

მთავრობის საპასუხოდ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი უნგრულ კანონმდებლობას პატივს სცემს. მათი თქმით, ფიდეშის საკანონმდებლო ინიციატივა სპეციალურადაა გამიზნული CEU-ს დასახურად, რაც დისკრიმინაციული და მიუღებელია.

2004 წელს უნგრეთის მთავრობასა და ნიუ-იორკის შტატს შორის გაფორმებული დეკლარაციით CEU-ს ნიუ იორკის შტატის ამერიკულ აკრედიტაციასთან ერთად, უნგრულიც მიენიჭა. ამ დეკლარაციის საფუძველზე, უნგრეთის სახელმწიფომ სპეციალური კანონი, „აღიარების აქტი” (LXI 2004)მიიღო, რომლითაც Közép-európai Egyetem (KEE) (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი) დაარსებას ჩაუყარა საფუძველი და მის ათ სასწავლო პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.

უნივერსიტეტის რექტორი მაიკლ იგნატიევი (Michael Ignatieff) პრობლემაზე სასაუბროდ უნგრეთის განათლების მინისტრს ლასლო პალკოვიჩს (Laszlo Palkovics) შეხვდა. იგნატიევის თქმით, მხარეებს შორის საუბარი ‘ყინულივით ცივი’ და არათანმიმდევრული აღმოჩნდა.

უნივერსიტეტის დასამხარებლად სოროსის ‘ფონდი ღია საზოგადოების’ ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ გასპარი (Patrick Gaspard) აშშ-დან ბუდაპეშტში ჩავიდა. უნგრეთში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ კოსტელანჩიკმა (David Kostelancik) კი უნგრეთის მთავრობის ქმედება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ CEU-ს ამერიკაში ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს.

უნგრეთის პრეზიდენტ იანოშ ადერს (János Áder) კანონპროექტის ხელმოსაწერად ხუთი დღე აქვს. მას შეუძლია დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს მიუბრუნოს ან მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადახედვა მოითხოვოს. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია კანონი დაბლოკოს, რადგან იგი ცალსახად დისკრიმინაციულია. პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ შესაძლოა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოც წავიდეს.

რეაქციები

კანონპროექტის გასაპორტესტებლად და მისი უკან გატანის მოთხოვნით, 2 აპრილს, ბუდაპეშტში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. სტუდენტებმა, ლექტორებმა და უბრალო მოქალაქეებმა კორვინუსის უნივერსიტეტიდან ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტამდე მსველელობა მოაწყვეს. უნგრელმა მეცნიერებმა, სასწავლო დაწესებულებებმა, აკადემიური წრის 500-მდე უცხოელმა წარმომადგენელმა, მათ შორის 17-მა ნობელიანტმა, CEU-ს მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და უნივერსიტეტი უნგრულ სამეცნიერო სივრცეში წამყვან ორგანიზაციად მოიხსენიეს.

ავსტრიის განათლების ყოფილმა მინისტრმა და ვენის მერმა უნივერსიტეტს ვენაში გადასვლა უკვე შესთავაზეს. მათ ვილნიუსის მერიც, რომელიც CEU-ის კურსდამთავრებულია, შეურთდა.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ამჟამად 108 ქვეყნიდან 1400 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის ზოგიერთი ფაკულტეტი მსოფლიოს პირველ ორმოცდაათეულში, მთლიანად უნივერსიტეტი კი ორასეულში შედის. დაარსების დღიდან უნივერსიტეტის მიზანი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში პოსტ-კომუნისტურ ევროპაში დასავლური, ინგლისურენოვანი განათლების გავრცელება იყო.

უნგრეთის პრემიერ მინისტრს დასავლეთი არალიბერალური რეჟიმის შექმნაში დებს ბრალს, სადაც ოპოზიციური მედია საშუალებები იხურება, სასამართლო სისტემა შელახულია, ხოლო ის ორგანიზაციები რომლებიც დაფინანსებას სხვა ქვეყნებიდან იღებენ, აგენტებად არიან შერაცხულნი. პრეზიდენტი ორბანი ანტიგლობალისტია, რომელიც თვლის რომ ლიბერლაზმმა არსებობა დაასრულა და ახლა ნაციონალიზმის დრო დგება. იგი ანგელა მერკელის ღია ევროპის კონცეფციის წინააღმდეგია, ხოლო ბრექსიტის და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მომხრე იყო. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მან სამიზნეში ამოიღო.