Site icon Civil.ge

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა 26 მაისის ღონისძიებაზე

ლევან იზორია, 26 მაისი, 2018, ფოტო: კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეოდან

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს!

გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულისა და შეუპოვრობისთვის, მინდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ.

100 წლის წინ, ზუსტად აქ, საფუძველი ჩაეყარა თაობების საუკუნოვან ოცნებას და პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა.

მიხარია, რომ ამ დიდებულ დღის შემოქმედთა შთამომავლები დღეს ჩვენს გვერდით არიან. მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი, ამბობდა გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან საქართველოს გმირები, იუნკერები, რომლებიც წინ აღუდგნენ წითელ არმიას და დაიმკვიდრეს მარადიული სახელი საქართველოს ისტორიაში.

განვლილმა 100-მა წელმა, განსაკუთრებით ცხადყო, რომ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ყველა ეპოქაში სჭირდება დაცვა. სწორედ თქვენ, სამხედრო მოსამსახურეებო, ქვეყნის საამაყო შვილებო, სიცოცხლის ფასად იცავთ ქეყნის დამოუკიდებლობას და მის ღირსებას.

10 წლის წინ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ჩვენ ერთად,  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. გავზარდეთ თავდაცვის ბიუჯეტი და თავსებადი გავხადეთ ნატოს სტანდარტებთან, შევიძინეთ უახლესი, ანტისატანკო ჯაველინის სისტემა, დავიწყეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება, დავასრულეთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვის პირველი ეტაპი, განვაახლეთ წვევამდელთა და ვიწყებთ რეზერვის სისტემის ამოქმედებას. წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ინიციატივებს. ჩვენ ასევე ერთგული ვრჩებით ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიმართ და ვაგრძელებთ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას, მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად.

10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, დიდება აგვისტოს ომის გმირებს. ოკუპაციის პირობებში, ქვეყნის მომავალს ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალში ხედავს.

დღევანდელ ცერემონიას ესწრებიან საერთაშორისო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, შეიარაღებული ძალების ვეტერანები. მე განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით მინდა მივესალმო მათ. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა. დიდი მადლობა მათ ოჯახებს, მათ სახელებს სამშობლო არასდროს დაივიწყებს.

დღეს განსაკუთრებით მივესალმები წვევამდელებს და რეკრუტებს, რომლებმაც ქვეყნის წინაშე დადეს ფიცი, რომ ემსახურებიან სამშობლოს და გააგრძელებენ წინაპართა მხედრულ ტრადიციებს. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე და წარმატებები გისურვოთ ქვეყნის სამხედრო სამსახურში.

საქართველოს თავისუფლებისა და ღირსების დამცველო სამხედროებო, თანამოქალაქენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

This post is also available in: Русский (რუსული)