აკაკი ჩხენკელის საიდუმლო წერილი

22 მაისი 1918, ქალაქი ბათუმი

(აღრიცხულია საქართველოს ეროვნულ საბჭოში N 866, 25 მაისი)

სრულიად საიდუმლოთ

საქართველოს ეროვნულ საბჭოს და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტს

საბჭოს და კომიტეტის თავმჯდომარე ნ. ჟორდანია უკვე გაემგზავრა თფილისს, როცა მე წავიკითხე ზოგიერთი ახალი გაზეთები, რის გამო მოვალედ ვთვლი ჩემს თავს რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ.

ჩვენი გაზეთები ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ გამოცხადდეს თუ არა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მაშინ როდესაც უმწვერვალესათ საჭიროა მტკიცე ნაბიჯი გადიდგას ახლავე. საზოგადოთ უნდა ითქვას, რომ ეს გაზეთები სრულიად უპასუხისმგებლოთ გრძნობენ თავს; არც კი ფიქრობენ, რომ მათ ნაწერებს აქ [მოლაპარაკებების მონაწილეები] კითხულობენ და სარგებლობენ ცნობებით; არც ერთი არაა გამსჭვალული სახელმწიფო აზრით… სულ ცოტა თვით ეროვნულ საბჭოში მოეხდინათ რაიმე თანხმობა რა და რა საკითხებზე გვმართებს დიდი სიფრთხილე – ესეც ვერ მოუხერხებიათ. როცა სამშობლო უფსკრულის პირას სდგას, საჭიროა არა კინკლაობა, არამედ ყველა საციცოცხლო ძალების კონცენტრაცია, რომ ერს არ მოაკლდეს თუგინდ ერთი მუჭა ხალხის წვლილიც. როცა კითხულობ გაზეთებს, ვერა გრძნობ თვით [ერის?] მაჯის ცემას, პრესა არ გამოხატავს მის სულის-კვეთებას.

მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის სახელით. მართალია, ჩვენმა თათრებმა თავის სეპარატიული ნაბიჯებით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის [ერთობას?] მაგრამ, ვინაიდან გერმანიის დელეგაცია სრულიად არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო. თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავათ მუქარისა, ულტიმატუმის გამოგ[ზავნა], მაგრამ სამაგიეროთ მათ მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურათ თავის დაპყრობით პოლი[ტიკას] – ერევნის გუბერნიას წაესიეს, განჯაში თავის მთავრობა დასვეს, რასაც მთელი ადერბეიჟანის მოკედლე[ბა] [მოჰ]ყვება, დარჩა მარტო საქართველო, რომელსაც ემუქრებიან ყოველი მხრიდან. ბოლოს გენ. ფონ ლოსოვი [მივიდა] იმ დასკვნამდის, რომ მარტო პროტესტებით ვერას გახდება და მიმართოს სხვა გზას.

დარჩა, მაშასადამე, განმარტოებული საქართველო, რომლისათვის დარჩენილა სამი შესაძლებლობა: ა) საქართველო ადერბეიჟანთან ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს ნიშნავს თურქების სრულ ბატონობას, რაც მიუღებელია. როცა ადერბაიჟანში თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს ამიერ-კავკასიის მთავრობა, ეს მოასწავებს ოსმალეთის ბატონობის იურიდიულათ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა მოჰყვება. ბ) საქართველო სომხებთან ერთათ ადგენენ ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურათ სომხების ტერიტორია ამიერკავკასიაში, ვინაიდან ის თურქების ხელშია, შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს შექმნა. კიდეც რომ არსებობდეს ეს ტერიტორია, მაშინაც არ შეიძლება სომხებთან სახელმწიფოებრივი კავშირი, ვინაიდან ეს მიუღებელია როგორც თურქებისთვის, ისე თათრებისათვის. დაპყრობა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აშკარაა. გ) საქართველოს დამოუკიდებლობა – აი ერთათ ერთი გამოსავალი. ამ შემთხვევაშიც არ ვართ დაზღვეულნი თურქების შემოსევისაგან, მაგრამ სწორეთ ამიტომ ამ უბედურებას წინ უნდა უსწრებდეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომ უფლებრივი ნიადაგი მაინც არ დავკარგოთ.

გენ. ფონ ლოსოვი იყო დღეს ჩემთან, მას გავაცანი ეს აზრები და კატეგორიულათ განაცხადა, რომ დარჩენილია ერთათ-ერთი გზა – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდეც გაუგზავნა ცნობა თავის მთავრობას, რომ ამიერ-კავკასია არ არსებობს (ოსმალეთის წინადადებამ მოსპო ის), არსებობს მხოლოდ საქართველო, რომელიც გამოაცხადებს ხვალვე დამოუკიდებლობას და გთხვოთ ცნობას და მფარველობას. ის ელის ახალ ინსტრუქციას, მაგრამ ჩვენ უკვე ვიქონიეთ მსჯელობა ზოგიერთ პრაქტიკულ საკითხებზე. ჩვენ გვენ[იშნება] მაშინვე, როგორც დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ (შულენბურგია ნაგულისხმევი) მთავრობასთან გერმანიის წარმომადგენელი ელჩის უფლებებით, ინიშნებიან კონსულები ქალაქებში, მსწრაფლ გარდაიქმნას გერმანია-ავსტრიის ტყვეები ჯარის-კაცებად და გადავიდეს საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომ ამით ფაქტიურათ გამოეცხადოს ოსმალეთს საქართველოს გერმანიის მფარველობის [ქვეშ] ყოფნა… ყველა ეს მოგვარდება მაშინვე, როგორც კი მივიღებ დამოუკიდებლობის გამოცხადების [ოფიცია]ლურ ცნობას.

როგორც კი მოვა ეს ცნობა, ფორმალურათ გაუკეთდება ნოტიფიკაცია მოკავშირე [სახელმწი]ფოთა მთავრობებს გერმანია-ოსმალეთის დელეგაციის პირით. ამას მაშინვე მოჰყვება სამშვიდობო [მოლა]პარაკება, ვინაიდან სუბიექტები საერთაშორისო უფლებისა – ამიერ-კავკასიის სახელმწიფო – უკვე  [არარსე]ბობდეს იქნება, მაშასადამე, ხელშეკრულება მასთან შეუძლებელია.

დაბეჯითებით არ შეიძლება ითქვას, რას იტყვის ოსმალეთი ამ ფაქტის წინაშე. ზოგიერთი ამბობს, რომ ოსმალეთი კარგათ შეხვდება ამ ამბავს და შეეცდება მოურიგდეს საქართველოს; ზოგიერთი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. პირველ შემთხვევაში ზავი აქვე შეიძლება შეიკრას, თუ მასში გერმანიის დელეგაციაც ურევია; მეორე შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ ფორმალური პროტესტი ჯარების შემოსევის წინააღმდეგ, ბრძოლა ბანდებთან სასტიკი, თუ ისინი თურქების სამხედრო ფორმას არ ატარებენ. მეორე შემთხვევაში ფონ ლოსსოვი წავა აქედან, რომ პირადათ ნახოს ვილჰელმი და კანცლერი, მას მეც უნდა გავყვე, რომ საჩქაროთ იქნას ზომები მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავათ.

ამის საბუთი არის. ნოტებია გაცვლილი ოთხ სახელმწიფოთა მთავრობათა შორის, რომ საქართველო მაშინვე ცნობილი იქნას, როგორც თავის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ეს მოხდა წარსული წლის დამლევს, ოსმალეთის მთავრობამ ამა წლის იანვარს მოაწერა ამ ნოტას ხელი. პირობები არაფერია წარმოდგენილი, სავალდებულოა ოთხივე მხარისათვის.

საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გამოცხადდეს საზღვრების აღუნუსხავათ. [ხსე]ნებული ნოტების თანახმათ საქართველოში შედის ბათუმის მხარე, სოხუმის და ზაქათალის ოლქები. მათი ხსენება გამოიწვევს საქმის უმწვერვალესად გამწვავებას, თუ გამოვტოვეთ, მაშინ ჩვენ თვითონ უარვყოფთ იურიდიულათ ჩვენს უფლებას. ეს უნდა მიენდოს საგარეო მინისტრის საიდუმლო მოქმედებას და შეთანხმებას გერმანიის მთავრობასთან.

სოხუმის ოლქში ძალა-უფლება ფაქტიურათ ჩვენს ხელშია. რაზმები უთუოთ იქ უნდა დარჩეს, უნდა მიემატოს კიდევ, თან უნდა გაიგზავნოს გერმანიის კონსული და რამდენიმე ტყვე ჯარის კაცი ოფიცრით, რომ ამით ფორმალურათ იქაც მფარველობა გამოცხადდეს გერმანიისა.

საჭიროა დიდი ტაქტი აბხაზეთ-სამურზაყანოს მიმართ. ყურში უნდა ჩაეწვეთოს მათ თურქების შემოსევის შესაძლებლობა, ეს ნამდვილათ განზრახულია. ამ შემთხვევაში ხალხი, განსაკუთრებით სამურზაყანო უეჭველათ დაირაზმება. ყველა ნასალდათები გაწვეულ უნდა იქნას, ჯარში რკინის დისციპლინა. თუ თურქები მოადგა, უთუოთ წინააღმდეგობა, ბევრს ვერ გადმოსხავენ, ეს უეჭველია. გაჭირვების დროს სამურზაყანოსკენ დახევა, ეს ბაზაა. ამასობაში კონგრესის მოწვევა აბხაზეთ-სამურზაყანოდან, რომელიც გამოთქვამს თავის პოლიტიკურ [….] ეს უნდა მდგომარეობდეს შემდეგში: აბხაზეთ-სამურზაყანო მოსურნეა შევიდეს, როგორც ცალკე სახელმწიფო, კავკასიის – უთუოთ კავკასიის – კონფედერაციაში, მხოლოდ სანამ ეს განხორციელდებოდეს, ის უკავშირდება, როგორც თანასწორი თანასწორს, საქართველოს თავის არსებობის დასაცავათ. თავადაზნაურობის უმრავლესობას არას გზით არ უნდა კრან გულზე ხელი, ყოველი რევოლიუციონური ფრაზეოლოგია, გარდა სამშობლოს დამოუკიდებლობა-თავისუფლების დაცვისა, ისევ დააფთხობს აფხაზებს და ვინ იცის სად გადაჩეხავს.

საქართველოს სამინისტრო უთუოთ კოალიციური უნდა იყოს, მარტივი და მცოდნე პირებისაგან შემდგარი. უნდა მოისპოს „პრიზრენიას“ პორტფელი, მისი საქმე შინაგან მინისტრს უნდა გადაეცეს. შრომის სამინისტრო უნდა გახდეს მრეწველობა-ვაჭრობის სამინისტროს განსაკუთრებულ საქმედ. რკ.გზის მინისტრს უნდა მიენდოს ყველა დანარჩენი გზებიც, ნაოსნობაც. სასულიერო საქმეები გადადის განათლების სამინისტროში. ფოსტა-ტელეგრაფი – შინაგან სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლიორი არაა წევრი სამინისტროსი, ის სრულიად დამოუკიდებლათ მოქმედებს მინისტრთა საბჭოს გარეთ. პარლამენტის მაგოვრობას დროებით ეროვნული საბჭო სწევს, რომლის წინაშე მთავრობა პასუხისმგებელია.

მე გავათავე. ახალს არაფერს ვიწერები, თქვენ თვითონ განსაჯეთ უკეთ – თავი და თავი, რომ გამოცხადდეს დაუყოვნებლივ საქართველოს დამოუკიდებლობა. სხვა გზა არაა. ესეც არაა, შეიძლება, მხსნელი ამ დროებით, მაგრამ მას უთუოთ გამოუჩნდება მფარველი სულ ჩქარა მომავალში.

ასეთი კრიტიკულ მომენტში პირდაპირ დანაშაულია ზიგ-ზაგი, შიში. საჭ[იროა] გამჭრიახობა, სიმტკიცე და გამბედაობა. საჭიროა თვალის დახამხამებაზე ზომების მიღება სიმშვიდის დასაცავათ.

ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ გამბედაობა.

სალამი.

აკ. ჩხენკელი

წერილში გამოყენებულია ორიგინალის ორთოგრაფია და ტოპონიმიკა. ხაზგასმები ავტორისაა. კვადრატულ ფრჩხილებშია ჩასმული სიტყვების ნაწილები, რომლებიც მთლიანად არ იკითხება ორიგინალში. კვადრატულ ფრჩხილებში კითხვის ნიშნით – სიტყვები, რომლებიც ზუსტად არ იკითხება.

This post is also available in: English (ინგლისური)