„საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ ევროკავშირის შეთანხმება ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, – ნათქვამია ევროპის საგარეო ქმედებათა (EEAS), სამსახურის მიერ აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ დეკლარაციაში.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური აღნიშნავს, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ყოფნით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა გრძელდება“.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია დეკლარაციაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კვლავ „აქტიურად იქნება ჩართული საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში“.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური მიესალმება თბილისის სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის ყველა იმ სარგებლის გაზიარებას გულისხმობს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ და რომ მსგავსი ინიციატივები „ახლოს არის ოკუპირებული რეგიონების ჩართულობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკასთან“.
დღეს რუსეთის ქმედებები რამდენიმე ქვეყანამაც დაგმო, მათ შორის: ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმაც, რომელიც ეუთოს წევრ 11 სახელმწიფოს აერთიანებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)