შავი გენერლის მუქარა
1919 წელი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის იმედისმომცემად დაიწყო, მათ წარმატებით შეძლეს ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი მთიელთა რესპუბლიკის ჩაყლაპვა და ჩრდილოეთ კავკასიაშივე მყოფი წითელი არმიის ნაწილების განადგურება. დენიკინი მოსკოვზე შეტევისთვის ემზადებოდა, მას იმედი ჰქონდა რომ დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გაზრდიდა მისდამი მხარდაჭერას და ბრიტანელებისავე კონტროლირებად ბათუმის ოლქს და პორტს იმედის თვალით უყურებდა, თუმცა ვერ გაეგო რატომ საკადრისად არ სჯიდნენ ბრიტანელები გერმანიის ყოფილ მოკავშირე ქართველებს და ზოგჯერ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებსაც კი იღებდნენ.
ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა დენიკინისთვის მიუღებელი რეალობა იყო და დიდი შეტევის წინ მათ ზურგში, ხელუხლებლად დატოვებას არ აპირებდა. თანაც, ქართველ სოციალ-დემოკრატებთან მას ძველი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი, რადგანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამო მათ რუსეთის დამღუპველებად თვლიდა.
მდგომარეობის გამწვავება სოჭის მხრიდან დაიწყო: 29 იანვარს მოხალისეთა არმიის წარმომადგენლებმა ჯერ ულტიმატუმით მოსთხოვეს ქართულ ნაწილებს და ადმინისტრაციას, ოლქი დაეტოვებინათ, ხოლო შემდგომ, ძლიერი შეტევით ქართველი ჯარისკაცები და გვარდიელები აიძულეს ბზიფამდე დაეხიათ უკან. თუმცა, აპრილის შუა რიცხვებში სახალხო გვარდია, რომელსაც პირადად გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი მიუძღოდა წინ, კონტრშეტევაზე გადავიდა, გაგრა დაიბრუნა და შემდგომ მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვა.
გართულებულ საქმეში ბრიტანელები ჩაერთნენ და ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. დენიკინისთვის გაწელილი მოლაპარაკებები და აფხაზეთის მცირე ნაწილის მისაკუთრების პერსპექტივა არაფრისმომტანი იყო და კვლავ მოქმედებაზე გადავიდა, ამჯერად ფარულად და სხვა ფრონტზე. ბათუმში მისი წარმომადგენლი, გენერალი ნათიშვილის (ნათიევი) 1919 მარტში მიავლინეს. ამას უკვე მაისში, დენიკინის შტაბის უფროსის გენერალი ივან რომანოვსკის ბათუმში ვიზიტიც დაემატა, რომელსაც ნათიშვილის გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეეფასებინა და ადგილიდანვე ეხელმძღვანელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციებისთვის.