თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში

გენერალ ნათიშვილის ძიებაში

საქართველოს უახლეს ისტორიას ოთხი ნათიშვილის სახელი შემორჩა რომლებიც 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი იყვნენ ფართო საზოგადოებისათვის:

ყველაზე ცნობილი – ექიმი და მეცნიერი ალექსანდრე ნათიშვილია. იგი 1959 წელს გარდაიცვალა თბილისში; მისი ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი რაც მის ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს ბათუმის ამბებთან და სამხედრო სამსახურთან.

მეფის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი და სამხედრო ისტორიკოსის დავით სოფრომის-ძე ნათიშვილი – 1859 წელს იყო დაბადებული და 1940 წელს გარდაიცვალა საქართველოში, თანაც პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის შემდგომ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომაც იგი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს.
დანარჩენი ორი – ასევე მეფის რუსეთის არმიის გენერლები, ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილები (ნათიევები) ფაქტობრივად გამოცანად არიან ქცეული რუსი და უკრაინელი მკვლევარებისთვის. მათი ბიოგრაფიები ისე ჰგავს ერთმანეთს, ზოგიერთ წყაროში ისინი ერთ პიროვნებადაც კი არიან გამოყვანილი, ზოგან კი მათი ბიოგრაფიული დეტალები ერთმანეთშია არეული.

წყაროების სიმრავლის წყალობით და ფაქტების გაანალიზების საფუძველზე მათი ბიოგრაფიების დაზუსტება მაინც შესაძლებელია:

ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი დაიბადა 1869 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა ჯერ ტფილისის კადეტთა კორპუსი, შემდგომ კი ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელი. მის ბიოგრაფიაში ნახსენებია საარტილერიო სასწავლებლის და აკადემიის დამთავრებაც მაგრამ სწავლის წლები საეჭვოდ ემთხვევა ხსენებული მეორე – ალექსანდრე – ნათიშვილის ყოფნას საარტილერიო სასწავლებელში, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია არაზუსტია.

ზურაბ ნათიშვილის კავალერისტობას სხვა რამდენიმე წყაროც ადასტურებს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და 1918 წელს გენერალ-მაიორის წოდებაც მიღო. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მოგვიანებით კი რუსეთის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. მისი გარდაცვალების თარიღი დანამდვილებით ცნობილი არ არის.

რუსულ და უკრაინულ წყაროებში ოთხი ვერსია განიხილება: პირველი ვერსიით ის 1919 წელს დაიღუპა უკრაინაში აღლუმზე ნაღმის აფეთქების შედეგად. მეორე ვერსიით ის ბათუმში დაიღუპა 1919 წელს წითელ არმიასთან შეტაკებისას, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ დროს წითელი არმია ბათუმში ვერ იქნებოდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ვერსია თავიდან ბოლომდე მცდარია და ის ავტორს კვლავ ალექსანდრე ნათიშვილში ერევა. ხოლო მესამე და მეოთხე ვერსიებით ის პარიზში, ემიგრაციაში გარდაიცვალა 1937 წლის 30 ივლისს, რასაც რუსი ემიგრანტი და სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ტანუტროვიც ადასტურებს და მასთან შეხვედრასაც იხსენებს, ამიტომ ეს ვერსია გაცილებით უფრო დამაჯერებელია.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზურაბ ნათიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს ბათუმში მოკლულ გენერალ ნათიშვილთან.

მივუბრუნდეთ გენერალ ალექსანდრე ნათიშვილს: ის 1873 წლის 16 ივნისს დაიბადა ბათომის ოლქში. 1894 წელს დაამთავრა კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელი და შემდეგ მიხაილოვის საარტილერიო აკადემია. მსახურობდა თურქესტანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში, შემდეგ იყო უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული მე-4-ე საარტილერიო ბრიგადის და მე-6-ე მძიმე სამორტირო დივიზიონის მეთაური. 1917 წლის ბოლოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება.

მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ცენტრალური რადის მიერ არტილერიის ინსპექტორადაც იყო დანიშნული. იგი 1918 წლის დეკემბერში დააპატიმრეს უკრაინის ჰეტმან პავლო სკოროპადსკის ბრძანებით, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და შემდეგ იგი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადავიდა, სადაც ნათიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა არმიის ფორმირებების ინსპექტორად დანიშნეს. ალექსანდრე ნათიშვილი 1919 წლის გაზაფხულზე ბათუმში მიავლინეს – „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მოსამზადებლად.

ამ ცნობებიდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ 1919 წლის 28 ივნისს ბათუმში გენერალი ალექსანდრე ნათიშვილი მოკლეს, რასაც 1919 წლის 2 ივლისის „Кавказское Слово“-ს სტატია „убiство ген. А.В НАТIЕВА“-ც ადასტურებს და მოხალისეთა არმიის სარდლობისადმი გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებებიც, სადაც იგი ხელს აწერს როგორც არტილერიის გენერალი ნათიევი.

წყაროების არარსებობის გამო, შეუძლებელია ვთქვათ, იყო თუ არა ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილებს შორის რაიმე ნათესაური კავშირი. ზოგიერთ წყაროში ალექსანდრეს მამის სახელადაც გიორგი არის მითითებული და აქაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ბიოგრაფიული დეტალები ზურაბ ნათიშვილის ბიოგრაფიაშია არეული ან – წინააღმდეგ შემთხვევაში – გაზეთში, მოკლული ნათიშვილის მამის სახელის ინიციალი შეცდომითაა დაბეჭდილი.

წინა გვერდი 1 2 3 4 5 6 7შემდეგი გვერდი