ირანის საგრეო საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰიჯაბის უპატივცემულობის გამო პროტესტს გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო უწყებამ 16 აგვისტოს გაავრცელა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, უწყებამ სათანადო ღონისძიებებს უკვე მიმართა – შესაბამისი ახსნა-განმარტებისთვის ირანში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ამასთანავე, საპროტესო ნოტა გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც.
„ყველა მიღებული ზომის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ მუსლიმი ქალების პირადი სივრცის ხელშეუხებლობის საკითხს ქართული პოლიცია შესაბამისი სიფრთხილით მოეკიდება და მომავალში, მსგავსი ფაქტების გამეორების თავიდან ასაცილებლად, ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანელი მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. 2017 წლის აპრილში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აცნობა, რომ „საქართველოში ჰიჯაბის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდნენ“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ 448 500 ვიზიტორი შემოვიდა, მათგან ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 23 300 (5.2 %) იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)